POG: უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალდებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

პუბლიკა

პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალდებული, დამნაშავედ ცნო.

საუბარია, უცხო ქვეყნის მოქალაქეზე. მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

„ფინანსური დანაშაულებისთვის ძებნილმა უცხო ქვეყნის მოქალაქემ, მის ხელთ არსებული დაუსაბუთებელი და არალეგალური ფულადი თანხებისთვის კანონიერი სახის მისაცემად, საქართველოში არსებულ ერთ-ერთ საბანკო დაწესებულებაში გახსნილ პირად ანგარიშებზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხა განათავსა. ბრალდებული თანხების წარმომავლობასთან დაკავშირებით, ბანკს უძრავი ქონების ნასყიდობის შესახებ ყალბ ხელშეკრულებებს აწვდიდა, თითქოსდა საზღვარგარეთ მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებების გასხვისება მოახდინა, ხოლო ნასყიდობის საფასური ნაღდი ანგარიშსწორებით ბათუმში მიიღო. აღნიშნული გზით, ბრალდებულმა საბანკო დაწესებულებაში არსებულ მის პირად ანგარიშებზე 7 000 000 ლარზე მეტი თანხა განათავსა. გამოძიების ეტაპზე ყადაღა დაედო ბრალდებულის საბანკო ანგარიშებზე განთავსებულ, არალეგალური წარმომავლობის თანხას, რითაც არ მიეცა მისი განკარგვის შესაძლებლობა”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ასევე, ბრალდებულს სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვა საბანკო ანგარიშებზე განთავსებული დაუსაბუთებელი წარმომავლობის ფულადი თანხა – 7 200 000 ლარი.