პროკურატურამ 4 პირს, რომლებიც საცხოვრებლად უვარგის ნაკვეთებს მოტყუებით ყიდდნენ ბრალდება წარუდგინა

პუბლიკა

პროკურატურის განცხადებით, მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე უწყებამ ბრალი ოთხ პირს წარუდგინა.

პროკურატურის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრები, საცხოვრებლად უვარგის მიწის ნაკვეთებს, სადაც თითქოსდა შენობა-ნაგებობები იყო განთავსებული, გაყალბებული საკადასტრო ნახაზების საფუძველზე, საჯარო რეესტრში არეგისტრირებდნენ. აღნიშნული ქმედებით, ბრალდებულები ხელოვნურად ზრდიდნენ მიწის ნაკვეთების ღირებულებას და დაინტერესებულ პირებს ქონების ნამდვილ ფასთან დაკავშირებით მცდარ წარმოდგენას უქმნიდნენ.

„აღნიშნულის შემდეგ, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დაზარალებულებს სხვა მიწის ნაკვეთებს აჩვენებდნენ, რომლებზეც რეალურად საცხოვრებელი სახლები იყო განთავსებული, მათთან ხელშეკრულებებს აფორმებდნენ და დაზარალებულების კუთვნილ თანხებს მოტყუებით ეუფლებოდნენ. ხსენებული სქემით, ბრალდებულები ხუთი მოქალაქის კუთვნილ დიდი ოდენობით – 221 725 ლარს დაეუფლნენ“, – ნათქვამია განცხადებაში.

დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, 6 ეპიზოდი) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.