პროკურატურამ ანასტასია შატალოვას მკვლელობის ფაქტზე სამ პირს ბრალი წარუდგინა

პუბლიკა

პროკურატურამ ანასტასია შატალოვას საქმეზე 3 პირს – ბექა ლატარიას, ბიძინა ხასიას და ლევან რაჯავას, ბრალი წარუდგინა.

გამოძიების ვერსიით, ბექა ლატარიამ 18 ოქტომბერს, დაახლოებით 00:30 საათზე, ქ.თბილისში, ანასტასია შატალოვას საცხოვრებელი სახლის სადარბაზოსთან ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით, განზრახ მოკვლის მიზნით სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის მრავლობითი დაზიანებები მიაყენა.

ანასტასია შატალოვა მიყენებული დაზიანებების შედეგად შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. გამოძიების ვერსიით, ბექა ლატარია ადგილიდან დაუკავშირდა ბიძინა ხასიას და დახმარება სთხოვა.

ბიძინა ხასიამ ავტომანქანით მიაკითხა ბექა ლატარიას, რა დროსაც ამ უკანასკნელისგან შეიტყო, რომ მან ჩაიდინა განზრახ მკვლელობა, რის შემდეგაც იგი დანაშაულის დაფარვის მიზნით, მის მფლობელობაში არსებული ავტომობილით ლატარიას მიმალვაში დაეხმარა. გამოძიების ინფორმაციით, ლატარიას, ადგილსამყოფლის დადგენის შემდეგ, დაკავების დროს ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა და მისგან ამოღებულ იქნა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“.

ასევე, საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების პროცესში დადგინდა ბიძინა ხასიას ადგილსამყოფელი, რომელიც იმალებოდა მეგობრის ლევან რაჯავას საცხოვრებელ სახლში, სადაც საგამოძიებო მოქმედებების მიზნით მისულ პოლიციის თანამშრომლებს ბიძინა ხასია დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, ხელყუმბარას მოაძრო რგოლი და მოიყვანა საბრძოლო მოქმედებაში. გამოძიების ინფორმაციით, ბიძინა ხასიას დაკავებაში პოლიციის თანამშრომლებს ხელი შეუშალა და წინააღმდეგობა გაუწია ლევან რაჯავამ, რითაც ისარგებლა ბიძინა ხასიამ და ხელყუმბარა ისროლა საცხოვრებელი კორპუსის ქვემოთ მდგომი პოლიციის თანამშრომლების მიმართულებით. ხელყუმბარა დაეცა იქვე მდებარე ავტოფარეხის თავზე და არ აფეთქდა.

ხელყუმბარა გამნაღმველების დახმარებით განეიტრალდა. პოლიციის თანამშრომლების მიერ დაკავებულ ბიძინა ხასიას პირადი ჩხრეკისას ასევე აღმოაჩნდა ხელყუმბარა, რომელსაც მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა და ატარებდა. ხოლო პოლიციის მიმართ წინააღმდეგობის ფაქტზე დაკავებული ლევან რაჯავას პირადი ჩხრეკისას ამოღებულ იქნა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“. ბრალდებულთა ადვოკატების განცხადებით, დაკავებულები ანასტასია შატალოვას მკვლელობასთან კავშირს უარყოფენ.