პროკურატურამ ბაჩალიაშვილის საქმეზე მტკიცებულებათა შესაძლო ფალსიფიკაცაზე გამოძიება დაიწყო

პუბლიკა

საქართველოს პროკურატურა თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის – სერგო შუბითიძის მიერ ერთ-ერთი ტელეკომპანიისთვის მიცემული ინტერვიუს საფუძველზე, პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე მტკიცებულებათა შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

სერგო შუბითიძე დღეს დაბარებულია პროკურატურაში გამოკითხვაზე.

პროკურატურა გავრცელებულ განცხადებაში საუბრობს ბაჩლიაშვილის საქმის გამოძიების პროცესში სერგო შუბითიძის როლთან დაკავშირებით და ასევე მიმოიხილავს თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ჩატარებულ გამოძიებას.

„რაც შეეხება გამომძიებელ სერგო შუბითიძეს, რომელიც იმ პერიოდისთვის იკავებდა ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს გმს განყოფილების დეტექტივ-გამომძიებლის თანამდებობას, მან აღნიშნულ საქმეზე, მოწმის სახით გამოკითხა მხოლოდ 3 პირი, შეადგინა ნიმუშის აღების 11 ოქმი, ინფორმაციის გამოთხოვის 2 ოქმი, დათვალიერების 4 ოქმი და ამოღების 2 ოქმი.

თუმცა მის მიერ არ ჩატარებულა არცერთი ისეთი საგამოძიებო მოქმედება, რომლის შედეგიც რაიმე სახის გავლენას მოახდენდა პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილ გარემოებებზე. აქვე აღვნიშნავთ, რომ მოხდება სერგო შუბითიძის გამოკითხვა მის მიერ საჯაროდ გაჟღერებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რასაც მიეცემა შესაბამისი სამართლებრივი შეფასება. მიღებული გადაწყვეტილების შესახებ საზოგადოებას ეცნობება დამატებით“, – ნათქვამია განცხადებაში.

უწყების ცნობით, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება მისი გაუჩინარების ფაქტზე, 2020 წლის 19 ივლისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თეთრიწყაროს რაიონულ სამმართველოში დაიწყო.

2020 წლის 22 ივლისს, თეთრიწყაროს რაიონის სოფელ მაწევანის ტერიტორიაზე, თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი საკუთარ ავტომანქანაში იქნა აღმოჩენილი.

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის მოთხოვნით, გამოძიების დაწყებიდან 10 დღის შემდეგ, 2020 წლის 29 ივლისს, სისხლის სამართლის საქმე გამოსაძიებლად გადაეცა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს, ხოლო 2020 წლის 17 აგვისტოს სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გაგრძელდა თბილისის პროკურატურაში.

პროკურატურის ცნობით, პროკურატურის გამომძიებლების მიერ მოპოვებული მტკიცებულებების ერთობლივმა ანალიზმა უტყუარად დაადასტურა ის ფაქტი, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მიმართ რაიმე უკანონო ქმედებას ადგილი არ ჰქონია და მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

რა თქვა შუბითიძემ? 

29 აპრილს თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილმა გამომძიებელმა, სერგო შუბითიძემ ტელეკომპანია „ფორმულას“ განუცხადა, რომ მისთვის ბაჩალიაშვილის თვითმკვლელობის ვერსია დამაჯერებელი არაა. სერგო შუბითიძე თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს ორი კვირის განმავლობაში იძიებდა.

სერგო შუბითიძის თქმით, პირველი გარემოება, რომელიც მისვის ეჭვის საფუძველია, არის მატლების ძალიან დიდი რაოდენობა. „განა რამდენი ბუზი შეიძლებოდა ყოფილიყო მანქანაში?!… გვამი სავსე იყო მატლებით“, – განაცხადა შუბითიძემ.

გამომძიებლის თქმით, საეჭვო იყო ისიც, რომ გარდაცვლილის ტელეფონი დაულუქავ მდგომარეობაში ჩააბარეს. სერგო შუბითიძე ეჭვობს, რომ მასთან მიტანამდე თამარ ბაჩალიაშვილის ტელეფონი გაასუფთავეს.

„თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიება მე დავიწყე. ასევე მე დამევალა, რომ გამეკეთებინა დადგენილება გვამის ექსპერტიზის დანიშვნასთან დაკავშირებით. სწორედ ამ პერიოდში ჩემთან მოვიდა თანამშრომელი, რომელიც ახლა მუშაობს თეთრიწყაროს რაიონულ სამმართველოში, საგამოძიებო ხაზით – ელგუჯა პაპუაშვილი. მან მოიტანა ტელეფონი და ასევე ლუქი. ელგუჯა პაპუაშვილმა მთხოვა, რომ დამელუქა თამარ ბაჩალიაშვილის ტელეფონი. ელგუჯას ვკითხე, რომ ეს ტელეფონი რა იყო და გამიკვირდა. ამაზე ვუთხარი, რომ ეს სწორი არ იყო, თუ ტელეფონი ამოღებული იყო შემთხვევის ადგილიდან, უნდა დალუქულიყო ადგილზე“, – ჰყვება სერგო თეთრაძე.

მისი თქმით, მეორე თუ მესამე დღეს ოქმის საფუძველზე თამარ ბაჩალიაშვილის ტელეფონი გახსნა, დაათვალიერა შემოსული და გასული შეტყობინებები, ზარები და საეჭვოდ მოეჩვენა ის ფაქტი, რომ

„17, 16, 15 ივლისს არანაირი ნომერი და მესიჯები არ იყო შემოსული. იყო საქართველოს ბანკიდან შემოსული შეტყობინება და მსგავსი რაღაცები. რა თქმა უნდა, ეს ძალიან გამიკვირდა“.

ყოფილი გამომძიებელი ასევე ამბობს, რომ, როგორც მაშინ განიხილავდნენ, ბაჩალიაშვილი ე.წ. ქოლცენტრში მუშაობდა. მისი თქმით, საეჭვოდ მოეჩვენა ბაჩალიაშვილის თანამშრომლების, კომპანია „ზეგის“ წარმომადგენლების დაკითხვის გარშემო განვითარებული მოვლენებიც.

მისი თქმით, კომპანია „ზეგის“ თანამშრომლები, სადაც ბაჩალიაშვილი მუშაობდა, გამომძიებელმა წინასწარ დაწერილი კითხვების შაბლონის მიხედვით დაკითხეს.