„ბათუმელების“ ცნობით, პროკურატურამ ბრალი წარუდგინა გამოცემის დამფუძნებელსა და ხელმძღვანელს, მზია ამაღლობელს. ამაღლობელს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მუხლი 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
11 იანვრის საღამოს მზია ამაღლობელი ორჯერ დააკავეს. პირველად ის დააკავეს კედელზე პლაკატის გაკვრის გამო. პლაკატზე წერია: „იფიცება საქართველო 15 იანვარს 15:00 საათზე“. მანამდე ამავე საბაბით აქციაზე დააკავეს კიდევ 9 ადამიანი. რამდენიმე საათში დაკავებულთაგან 4: მზია ამაღლობელი, თეონა ბერიძე, ციალა ქათამიძე და ნანა შავაძე გაათავისუფლეს. მალევე აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მოულოდნელად ჩოჩქოლი ატყდა და მზია ამაღლობელი მეორედაც დააკავეს 2 სხვა პირთან ერთად.
„ბათუმელების“ ცნობით, დაკავების შემდეგ მზია ამაღლობელი მოინახულა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა აჭარაში. ამაღლობელმა მას დაკავების შემდგომ მის მიმართ არასათანადო მოპყრობის შესახებ განუცხადა.
დღეს, 13 იანვარს, 19:00 საათზე ბათუმის იზოლატორთან მედიის წარმომადგენლები აქციას გამართავენ.