საქართველოს პროკურატურამ ბექა ონიანის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, გამოძიებით დადგინდა, რომ 16 მაისს, თბილისში, ახალი სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბრალდებულმა რამოდენიმეჯერ დაარტყა დაზარალებულს, რის შედეგადაც დაზარალებული ძირს დავარდა და თავის არეში სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიიღო.
„სამართალდამცავებმა ბრალდებული 18 მაისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“,- ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
ოჯახი ჰყვება, რომ 16 მაისს თბილისში ახალგაზრდა კაცს ერთი პირი ფიზიკურად გაუსწორდა, შემდეგ კი ადგილიდან მიიმალა – ბექა ონიანის დეიდა „პუბლიკასთან” ამბობს, რომ ბექა ონიანი მძიმე ტრავმებით გადაყვანილია კავკასიის მედიცინის ცენტრში და ხელოვნურ კომაში იმყოფება.
დეიდის ინფორმაციით, გუშინ სპორტის სასახლეში გამართული მატჩის შემდეგ დაპირისპირება მოხდა ორ სხვადასხვა პირს შორის, თუმცა კონფლიქტი მალევე აღმოიფხვრა. მისი თქმით, ამ კონფლიქტთან არ ჰქონია კავშირი ბექა ონიანს, თუმცა მოგვიანებით, გასახდელიდან გამოსულს მას გარეთ დახვდა ერთი პირი და ფიზიკურად გაუსწორდა.
„ახალი სპორტის სასახლეში იყო თამაში, დინამოსა და თსუ-ს შორის. ბექა დინამოს გუნდში თამაშობს და ორ სხვადასხვა ადამიანს შორის მოხდა კონფლიქტი, კონფლიქტი ისეთი არაფერი, მალევე აღმოიფხვრა, გუშინ ხდება ეს. შემდეგ, როცა ბექა გასახდელიდან გამოდის, პარკინგზე ხვდება თსუ-ს გუნდის, მაგ გუნდში მოღვაწე ბიჭი, შესაბამისად, მანქანაში ელოდება, ხედავს, რომ ბექა მიდის მანქანასთან და გადმოდის და აყენებს სიცოცხლისთვის საშიშ ტრავმებს და ადგილიდან გარბის.
ბექა გადმოყვანილია კავკასიის მედიცინის ცენტრში, აქვს ძალიან მძიმე ტრავმები, ხელოვნურ კომაშია, თავის ძვალი აქვს ახდილი, ამ ეტაპზე მხოლოდ ერთ მხარეს, თუმცაღა თავის ტვინის წნევამ თუ მოიმატა, ამბობენ, რომ შეიძლება, მეორე მხარესაც გავხსნათო. კრიტიკულად მძიმეა მდგომარეობაში…“, – აღნიშნავს ის.