პროკურატურამ სსკ-ის 259-ე მუხლით ბრალი წაუდგინა კაცს, რომელმაც მარნეულში ძაღლზე იძალადა.
პროკურატურის ინფორმაციით, ძაღლი სასტიკად ცემის შედეგად მოკვდა.
,,შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 6 დეკემბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჩაგანში, ბრალდებულმა ჯოხით სასტიკად სცემა ძაღლს, რამაც ცხოველის დაღუპვა გამოიწვია.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 9 იანვარს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის მესამე ნაწილით (ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა გამოიწვია) წარედგინა.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
ცხოველზე ძალადობის კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა. ვიდეოში ჩანდა, როგორ სცემდა კაცი ცხოველს ჯოხით.