პროკურატურამ ბრალი წარუდგინა ქალს, რომელსაც არასრულწლოვანზე ძალადობას ედავებიან. ინციდენტის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში 14 სექტემბერს გავრცელდა. კადრებში ჩანს, რომ ქალი მოზარდზე ფიზიკურად ძალადობს, ინციდენტის შემსწრეა მცირეწლოვანი ბავშვი და სრულწლოვანი კაცი.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 11 სექტემბერს, თბილისში, ერთ-ერთ მაღაზიაში ბრალდებულმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა არასრულწლოვანს, შემდეგ კი მაღაზიის მიმდებარედ გააგრძელა მასზე ფიზიკური ძალადობა“, – წერია უწყების განცხადებაში.
პროკურატურის განცხადებით, ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ქალი, რომელმაც ვიდეო გაავრცელა წერდა, რომ მოზარდზე მკლავჭიდელმა ხატია ვიბლიანმა იძალადა. „რადიო თავისუფლებას“ მან უთხრა, რომ ოჯახმა საპატრულო პოლიცია მაშინვე გამოიძახა, ბავშვს უკვე ჩაუტარდა სამედიცინო ექსპერტიზა.
„ჰქონდა ნაკაწრები, სისხლჩაქცევები და დაბეჟილობა. ყბის მოტეხილობაზე ეპარებოდათ ეჭვი და ღმერთს მადლობა, გადარჩა ბავშვი. შეგიძლიათ, იაშვილში [პედიატრიული კლინიკა] მოიძიოთ ინფორმაცია და სასწრაფო დახმარების საინფორმაციო ცენტრს ჰკითხოთ ან პოლიციას, მასალები მათ აქვთ“, – თქვა ქალმა „რადიო თავისუფლებასთან“.
„რადიო თავისუფლება“ წერს, რომ ცდილობდნენ ხატია ვიბლიანთან დაკავშირებას, თუმცა მან შეტყობინებებს არ უპასუხა.