პროკურატურამ ჩორჩანის საგუშაგოს საკითხზე ვლადიმერ ჩაჩიბაია გამოჰკითხა

პუბლიკა

საქართველოს თავდაცვის ძალების ყოფილი მეთაური, ვლადიმერ ჩაჩიბაია პროკურატურამ საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ჩორჩანაში, გიორგი გახარიას შინაგან საქმეთა მინისტრობისას საპოლიციო საგუშაგოს აღმართვასთან დაკავშირებით გამოჰკითხა.

ჩაჩიბაია საქართველოს სამხედრო ძალებს 2018 წლის 20 დეკემბრიდან 2020 წლის 1 ივლისამდე მეთაურობდა.

გამოკითხვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს ჩაჩიბაიამ უთხრა, რომ თავდაცვის ძალები ჩორჩანა-წნელისთან საგუშაოების აღმართვაზე ინფორმირებულები არ ყოფილან.

„არც თავდაცვის მინისტრისგან, არც პრემიერ-მინისტრისგან და არც პრეზიდენტისგან, არანაირი ინფორმაცია არ მიგვიღია”. – თქვა მან.

ჩაჩიბაიასვე განცხადებით, თქმით, ჩორჩანასთან ქართული საგუშაგოს აღმართვის შესახებ ინფორმაცია მეორე დღეს, სამსახურში გაიგო და თავდაცვის ძალებში გატარდა შესაბამისი ღონისძიება, რათა მზად ყოფილიყვნენ ნებისმიერი შემთხვევისთვის.

„არ ვიცოდი ჩორჩანასთან დაკავშირებით, რაც ხდებოდა. ამასთან დაკავშირებით გავიგე მეორე დღეს. სამსახურში, როდესაც მივედი დილის 09:00 საათზე. მაშინ გამაგებინეს, რომ ჩორჩანაში რაღაც ხდებოდა. ქართული საგუშაგოების აღმართვასთან დაკავშირებით მივიღეთ ინფორმაცია.

პროცესი როდის დაიწყო, ზუსტად არ ვიცი. დილით სამსახურში რომ მივედი, ჩემმა თანამშრომლებმა დამახვედრეს ინფორმაცია, შესაბამისად, ჩვენც დავინტერესდით აღნიშნული საკითხით, გავატარეთ შესაბამისი ღონისძიება თავდაცვის ძალებში. ეს, რა თქმა უნდა, არ იყო საბრძოლოში მოყვანის განკარგულებები, თუმცა, რომ ნებისმიერი შემთხვევისთვის მზად ვყოფილიყავით, ჩავატარეთ თათბირი, ნებისმიერი ინციდენტის შემთხვევაში, მთავრობის მეთაურის და თავდაცვის მინისტრის ბრძანების შემთხვევაში მზად ვყოფილიყავით რეაგირებისთვის.

გზის გაყვანის პროცესი ეს იყო შემდეგი ეტაპი, ეს უკვე მეორე თუ მესამე დღე იყო. უწყებამ მოგვმართა მაშინ, როდესაც საგუშაგოები აღიმართა”. – თქვა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ.

მისივე განცხადებით, საგუშაგოს აღმართვის შემდეგ, მისი დაქვემდებარებაში მყოფმა ძალებმა მხარდაჭერა აღმოუჩინეს შინაგან საქმეთა სამინისტროს.

„საკითხი იდგა შემდეგში, საგუშაგო საგუშაგოს რომ დაკავშირებოდა, საჭირო იყო მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. ჩვენ აღმოვუჩინეთ ეს მხარდაჭერა შსს-ს იმ პერიოდში და მივაწოდეთ ის საშუალებები, რაც თავდაცვის სამინისტროს გააჩნდა. ეს გულისხმობს იმ მატერიალურ საშუალებას, რომელიც ხელს უწყობს გზის მიყვანას ობიექტამდე“. – თქვა მან.

რაც შეეხება თეა წულუკიანის კომისიას, რომელმაც მაშინდელი შს მინისტრი გიორგი გახარია ორჯერ გამოჰკითხა, ამათგან ერთხელ – მხოლოდ ჩორჩანის საკითხზე – ჩაჩიბაიამ თქვა, რომ კომისიას ენდობა.

რაც შეეხება გიორგი გახარიას შესაძლო დანაშაულს – მისი თქმით, შეფასებას ვერ გააკეთებს, მაგრამ „ტერიტორიები დაიკარგა”.

„დანაშაულს… მე შეფასებას ვერ გავუკეთებ, მე ხომ მოსამართლე არა ვარ. ინფორმაცია, რაც მაქვს, ტერიტორიები დაიკარგა. დანარჩენი მე არ ვიცი“. – თქვა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ.

ჩაჩიბაია 2008-2009 წლებში საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი იყო.

2015-20116 წლებში ავღანეთში გაეროს დამხმარე მისიას ხელმძღვანელობდა.

2016-2018 წლებში იყო საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი.

2020 წელს ის „ქართული ოცნების” პროპორციული სიით პარლამენტის დეპუტატი გახდა, 2023 წელს კი, როცა „ოცნებამ” პირველად დააინიციირა რუსული კანონი, მის მხარდაჭერაზე უარი თქვა და პარლამენტი დატოვა.

რაც შეეხება გიორგი გახარიას და ჩორჩანის საგუშაგოს საკითხს:

2025 წლის 14 ივნისს ცნობილი გახდა, რომ პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე.

უწყება ამბობს, რომ სხვა საკითხებთან ერთად, შეისწავლიან 2019 წლის 24 აგვისტოს სოფელ ჩორჩანასთან საოკუპაციო ხაზის გასწვრივ გიორგი გახარიას მიერ „განხორციელებულ ქმედებას“.

2019 წლის აგვისტოში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სოფელ ჩორჩანის ტყეში, რომელიც ოკუპირებულ სოფელ წნელისს ესაზღვრება და საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზეა, საგუშაგო განათავსა.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, წნელისის მოსაზღვრე სოფელ ჩორჩანის სიახლოვეს, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალის სამხედრო ტექნიკის გადაადგილება შეინიშნებოდა. სუს-მა საოკუპაციო ძალის ეს ქმედება პროვოკაციად შეაფასა.

2019 წლის 29 აგვისტოს საოკუოაციო რეჟიმმა ერგნეთის IPRM შეხვედრა ჩაშალა, ჩორჩანიდან ქართული საგუშაგოს გატანა მოსთხოვა და ულტიმატუმი წარადგინა, რომ თუ ქართული მხარე დილის 6 საათამდე “სოფელ წნელისში პოლიციის საგუშაგოს არ აიღებდა, ისინი კანონის ფარგლებში მოიქცეოდნენ”.

29 აგვისტოს ერგნეთის შეხვედრაზე  საქართველოს დელეგაციამ განაცხადა, რომ პოსტი საქართველოს ტერიტორიაზეა განთავსებული, ამავე დროს, მათ არ შეუძლიათ წარუდგინონ რაიმე დოკუმენტები, რომლებიც დაადასტურებს ცხინვალის რეჟიმის წარმომადგენლების უსაფუძვლო განცხადებებს.

შესაბამისად, ქართულმა მხარემ ულტიმატუმი არ შეასრულა, საგუშაგო არ აიღო და მისი გამაგრება გააგრძელა.

მთელი ღამის განმავლობაში ჩორჩანასთან გრძელდებოდა საგუშაგო კოშკის მშენებლობა და გამაგრება, ასევე იმყოფებოდნენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

მაშინ, 2019 წლის 30 აგვისტოს სუს-ის უფროსის მოადგილე კახა ქემოკლიძემ თქვა, რომ „ამას დრამატულად არ შეხედავდა – ეს არის ინციდენტი, რომელიც საჭიროებს ძალიან პრაგმატულ, მშვიდ, წყნარ მიდგომას და ჩვენ ხელთ არსებული დიპლომატიური ინსტრუმენტების გააქტიურებას, რათა მოხდეს აღნიშნული საკითხის მშვიდად, წყნარად დარეგულირება”.

რაც შეეხება ულტიმატუმის ენით საუბარს, კახა ქემოკლიძის თქმით, ის პირადად სხვა დროსაც შესწრებია მსგავსი ტიპის საუბრებს ერგნეთის შეხვედრაზე.

2019 წლის 30 აგვისტოს ბიბილოვის ხელისუფლებამ წნელისში შეიარაღებული ძალები გადაისროლა. რეგიონის ყოფილმა ლიდერმა, ანატოლი ბიბილოვმა ახალგორი ჩაკეტა, ჩორჩანის ტყეში კი ოკუპირებული წნელისიდან ე.წ უშიშროების სამსახურის შეიარაღებულმა დაჯგუფებამ ტყეში გზა გაიყვანა და იქ ორი საგუშაგო მოაწყო.