პროკურატურამ ჩვენს აქტივისტებს დაზარალებულად ცნობაზე უარი უთხრა - „სირცხვილია“

პუბლიკა

პროკურატურამ „სირცხვილიას“ აქტივისტებს დაზარალებულად ცნობაზე უარი უთხრა – ამის შესახებ ინფორმაციას თავად მოძრაობა „სირცხვილია“ ავრცელებს.

როგორც „სირცხვილიას“ განცხადებაში ვკითხულობთ, პროკურორმა უარი შემდეგნაირად დაასაბუთა – „საქმეში მოპოვებული მტკიცებულებების თანახმად არ დასტურდება, რომ უშუალოდ აღნიშნული პირები [„სირცხვილიას“ წევრები] წარმოადგენდნენ დანაშაულებრივი ქმედებების ადრესატებს“.

„5 ივლისს, „სირცხვილიას“ ოფისზე თავდასხმის მომენტში მარიამ დოლიძე, ზუკა ბერძენიშვილი, სალომე ბარკერი და გიგა მაქარაშვილი ოფისში იყვნენ, როდესაც ძალადობრივი ჯგუფის წევრები მუქარისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის პარალელურად, კარის შემტვრევასა და ოფისში შეღწევას ცდილობდნენ“, – აცხადებს მოძრაობა „სირცხვილია“.

როგორც მოძრაობა აღნიშნავს, ოფისზე თავდასხმის შემდეგ, გამოძიება აქტივისტების ჩვენებით არ დაინტერესებულა. მარიამ დოლიძის, ზუკა ბერძენიშვილის, სალომე ბარკერისა და გიგა მაქარაშვილის გამოკითხვა მხოლოდ მათი წერილობითი მოთხოვნის შემდეგ მოხდა.