პროკურატურამ ცხვარიჭამიაში 20 წლის მირიან კუკავას მკვლელობის საქმეზე 8 პირს ბრალი წარუდგინა.
პროკურატურის ცნობით, განზრახ მკვლელობისა და ხულიგნობის ფაქტზე ბრალი ერთ პირს წარედგინა, ხოლო გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების, დანაშაულის შეუტყობინებლობის და ხულიგნობის ფაქტებზე კი 7 პირს წარედგინა ბრალი.
„ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 28 ივლისს, მცხეთის რაიონის სოფელ ცხვარიჭამიაში, დაბადების დღის წვეულებაზე სტუმრების ნაწილს შორის დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირებული მხარეები, მათ შორის დ.ჯ. – დანის გამოყენებით, ერთმანეთს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ, რა დროსაც დ.ჯ.-მ მირიან კუკავას დანით ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად მირიან კუკავა საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, ხოლო ბრალდებული შემთხვევის ადილიდან მიიმალა.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ფაქტს რამდენიმე პირი შეესწრო, თუმცა მათ მომხდარის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინეს, ხოლო მოგვიანებით გამოძიებას ცრუ ინფორმაცია მიაწოდეს.
სამართალდამცველებმა რვა პირი, მათ შორის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს.
პროკურატურამ დ.ჯ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლთ (განზრახ მკვლელობა) და 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილით (ხულიგნობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დანის გამოყენებით) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ხუთ პირს ბრალდება 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ხულიგნობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო ორ პირს ბრალდება 370-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცრუ ინფორმაციის მიწოდება) და 376-ე მუხლის პირველი ნაწილით (მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მათივე ცნობით, პროკურატურამ ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.
„საქართველოს პროკურატურა სამძიმარს უცხადებს მირიან კუკავას ოჯახს და მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ტრაგედიის გამო.
პროკურატურა მსგავსი კატეგორიის საქმეებზე უმკაცრეს სისხლის სამართლის პოლიტიკას ახორციელებს. მნიშვნელოვანია, რომ დანაშაულის ჩამდენი პირები კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯონ და მართლმსაჯულება აღსრულდეს,”- აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.