პროკურატურამ ცოლის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობის მცდელობის ფაქტზე პირს ბრალდება წარუდგინა

პუბლიკა

პროკურატურამ მეუღლის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 20 მარტს, ახმეტის რაიონში, ბრალდებულმა გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, დაზარალებულის არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, მეუღლეს დანით 3 ჭრილობა მიაყენა. ბრალდებული ადგილზე მყოფმა პირებმა შეაკავეს, რა დროსაც მან დაზიანება კიდევ ერთ პირს, კერძოდ მეუღლის არასრულწლოვან ნათესავს მიაყენა.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 19-109-ე მუხლის „თ“, „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით წარედგინა (გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით, ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის მცდელობა), რაც სასჯელის სახედ და ზომად თექვსმეტიდან ოც წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე სასამართლოს უკვე მიმართა.

განცხადებას პროკურატურა ავრცელებს.