პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერი ეკა ბესელია „სუს-ის კრებსების“ საქმეზე პროკურატურამ დაზარალებულად ცნო. ამ საკითხზე პოლიტიკოსი დღეს, 3 აგვისტოს, პროკურატურაში იმყოფებოდა.
ეკა ბესელიას თქმით, 2021 წელს გავრცელებული, სავარაუდოდ, სუს-ის ფაილებში მოხვედრილი სატელეფონო საუბრის ჩანაწერი იმ პერიოდშია გაკეთებული, როდესაც ის „ქართული ოცნების“ წევრი და პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე იყო, 2017-2018 წლებში.
„აქ მოხვდა ის საუბრები, რომლებიც მე მქონდა საპატრიარქოს წარმომადგენლებთან. ეს ეხებოდა საკანონმდებლო პროცესს. ეს არის საგანგაშო, რადგან როდესაც უსმენ უკანონოდ სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირს, კომიტეტის თავმჯდომარეს, პარლამენტის თავმჯდომარეს, ელჩები მოხვდნენ, ჟურნალისტები, ალბათ, მასობრივად, სასულიერო პირების ათასობით ფაილი იყო. ასევე იყო ჩემი ოჯახური, უწყინარი საუბარი, რომელიც ჩემს დასთან მქონდა, გასულ წელს ამაზე ჩემი დაც დაიკითხა. ალბათ, მასაც ცნობენ დაზარალებულად“, – აცხადებს ბესელია.
მისივე თქმით, კრებსებში მოხვედრილი ადამიანებისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება პროკურატურამ იმიტომ დაიწყო, რომ საქმე სტრასბურგის სასამართლოში გაიგზავნა და იქ თავის გასამართლებლად სჭირდებათ.