პროკურატურამ გამოკითხვაზე „ძლიერი საქართველოს“ ოფისმენეჯერი და პარტიის იურისტი დაიბარა - კუპრაძე

პუბლიკა

კოალიცია „ძლიერი საქართველო“ აცხადებს, რომ „ლელოს“ ლიდერების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის პროკურატურაში დაბარების შემდეგ, უწყება გამოკითხვაზე იბარებს ოფისმენეჯერსა და პარტიის იურისტს.

„დღეს უკვე ჩვენი ლიდერების შემდეგ, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის შემდეგ, საქართველოს პროკურატურა, რომელიც ემორჩილება მხოლოდ და მხოლოდ ერთი კაცის – ივანიშვილის ინტერესებს, იბარებს პროკურატურაში გამოკითხვაზე ჩვენი ოფისის თანამშრომლებს და წევრებს. ეკა გიორგობიანი, რომელიც წარმოადგენს ძლიერი საქართველოს ოფისმენეჯერს და პარტიის იურისტი, თორნიკე ართქმელაძე დაბარებულები არიან საქართველოს პროკურატურაში გამოკითხვაზე. […] ვაგრძელებთ ბრძოლას, პირდაპირ ვამბობთ, რომ პროკურატურაში მისვლას არ ვაპირებთ, თუმცა მზად ვართ გამოვცხადდეთ ნებისმიერ დროს სასამართლო დარბაზში მაგისტრატი მოსამართლის წინაშე“, – თქვა ირაკლი კუპრაძემ.

ბრიფინგზე თორნიკე ართქმელაძემ თქვა, რომ ის ინფორმაცია, რასთან დაკავშირებითაც პროკურატურას მისი გამოკითხვა სურს, მიიღო საადვოკატო საქმიანობის განხორციელებისას და რომ კანონი კრძალავს ასეთ საკითხზე მის დაკითხვას.

თბილისის საქალაქო სასამათლოში მაგისტრი მოსამართლის წინაშე 27 მარტს გამოიკითხა მამუკა ხაზარაძე. საქმე ეხება „ქართული ოცნების“ პარლამენტში ენმ-ის საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის მიმართვის საფუძველზე პროკურატურის მიერ დაწყებულ გამოძიებას. სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლი ჯარიმას ან ერთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. კომისიამ პროკურატურას გადასცა ბადრი ჯაფარიძის საკითხიც, რომელიც ასევე არ მივიდა „ოცნების“ პარლამენტში. კომისია განიხილავდა ჯემალ ლეონიძისა და მისი კომპანიის, შპს „მაგნატის“ საქმეს.