პროკურატურამ გიორგი რურუას ბრალს ახალი მუხლი დაუმატა

პუბლიკა

პროკურატურის განცხადებით, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებული გიორგი რურუას მიმართ დღეს ბრალდება დაზუსტდა.

„კერძოდ, დაემატა ახალი მუხლი – სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა და მისი შესრულებისათვის ხელის შეშლა, რაც გათვალისწინებულია სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით.

უწყების ცნობით, გიორგი რურუამ უარი განაცხადა სასამართლოს განჩინების მიხედვით დნმ და ხელის კვლების ნიმუშის აღებაზე. კანონით გათვალისწინებულ პროცედურას მისი ადვოკატებიც ესწრებოდნენ.


ტელეკომპანია „მთავარი არხის“ მეწილე, გიორგი რურუა 18 ნოემბერს დააკავეს.

მას ბრალდების მხარე ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება. რურუა წარდგენილ ბრალს არ აღიარებს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

„როგორც თქვენ არ გინახავთ, ისე არ მინახავს მეც იარაღი“, – ასე მიმართა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებულმა „მთავარი არხის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, გიორგი რურუამ სასამართლო პროცესზე მოსამართლე რომან ხორავას.