პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი შაქარაშვილის საქმეში ცალკე წარმოებად გამოიყო სისხლის სამართლის საქმე 11 ბრალდებულის მიმართ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ძალადობის მუხლებით მიმდინარე საქმეებზე.
„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, განვმარტავთ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ უკვე დევნადაწყებულ ეპიზოდებზე საჭირო მტკიცებულებითი სტანდარტის შესაქმნელად ჩასატარებელი დამატებითი საგამოძიებო მოქმედებები განსხვავდება, განზრახ მკვლელობის ეპიზოდთან მიმართებაში ჩასატარებელი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებებისგან, ასევე აუცილებელია მკვლელობის ჩამდენ პირთა იდენტიფიცირებისთვის მაქსიმალურად სწრაფი და ეფექტური გამოძიების უზრუნველყოფა”, – წერს პროკურატურა.
უწყება აღნიშნავს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის ჩამდენ პირთა გამოვლენის მიზნით.
„მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტიანად ტარდება მთელი რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მისაღებია ბიოლოგიური, ქიმიური, ტრასოლოგიური, საინფორმაციო-ტექნოლოგიური და სხვა პირთა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები. უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს მოწმეთა გამოკითხვები და უკვე მოპოვებული ინფორმაციის ანალიზი.
დღეის მდგომარეობით, უკვე მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, სისხლის სამართლებრივი დევნა მიმდინარეობს პატიმრობაში მყოფი 11 პირის მიმართ, რომელთაც ბრალად ედებათ ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა, თავისუფლების უკანონო აღკვეთა და ძალადობა. ამასთან, ბრალდებულად ცნობილი 6 არასრულწლოვანის საქმე არსებითი განხილვის მიზნით უკვე წარმართულია სასამართლოში.
პროკურატურის მიერ აღნიშნული სამართლებრივი პროცესუალური გადაწყვეტილების თაობაზე დეტალური ინფორმაცია მიეწოდა გიორგი შაქარაშვილის ოჯახს. საქართველოს პროკურატურა აღნიშნულ საქმეზე არსებული მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, მომავალშიც მიაწვდის საზოგადოებას დეტალურ ინფორმაციას”, – წერს პროკურატურა.