პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების ყოფილ უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს ბრალი წარუდგინა.
ამის შესახებ ზაჰესის იზოლატორის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს პროკურორმა და ადვოკატმა უთხრეს.
„ბრალდებულის სახით დაკავებულ გიორგი ლილუაშვილს ბრალი წარედგინა, რასაც ესწრებოდა მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი. სხვა ინფორმაციას ვერ მოაგწოდებთ. აღკვეთის ღონისძიების შესახებ პროკურატურა სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“. – თქვა პროკურორმა.
მას არ დაუკონკრეტებია, აღკვეთის ღონისძიების რა სახეს მოითხოვს ბრალდების მხარე.
ლილუაშვილის ადვოკატ რობერტ გრიგალაშვილის თქმით, ბრალის წარდგენისას „არაერთხელ გაჟღერდა, რას ედავება პროკურატურა“.
„ბრალდება წარგვედგინა. გრიგოლი თავს არ ცნობს დამნაშავედ. დავიწყოთ იქიდან, რომ მის სახლში ჩატარებული ჩხრეკიდან გამომდინარე ჰქონდა მოლოდინი, რომ ამ საკითხებზე ესაუბრა და გამოძიების ყველა კითხვაზე პასუხი გაეცა. თუმცა, დაგვხვდა სხვა რეალობა. პირდაპირ დევნა იქნა მის მიმართ დაწყებული.
გავეცნობით სისხლის სამართლის მასალებს და შემდეგ გვაქვს პოზიცია, რომ გამოძიებას მივცეთ ზუსტი ჩვენება ყველა იმ ბრალდებაზე, რასაც პროკურატურა ედავება ბატონ გრიგოლს“. – თქვა ადვოკატმა.
მისივე განცხადებით, დაცვის მხარეს ჯერ არ გადასცემია საქმის მასალები.
„გადმოგვცეს მხოლოდ ბრალდების დადგენილება, სადაც აღწერილია ის ბრალდებები, რასაც პროკურატურა გვედავება. სისხლის სამართლის საქმის მასალებს არ ვიცნობთ, ამას დასჭირდება გარკვეული დრო. როცა გადმოგვეცემა და შევისწავლით, შემდეგ გვექნება მოსაზრება. თუმცა ბატონ გრიგოლს მიაჩნია, რომ მის წინააღმდეგ არ შეიძლება იყოს პირდაპირი მტკიცებულებები ამ ბრალდებაში ასახულ გარემოებებზე“. – ამბობს რობერტ ლილუაშვილი.
სუსის ყოფილი უფროსი დღეს, 23 დეკემბერს დააკავეს. გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ დილით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ გრიგოლ ლილუაშვილს ბრალად ედება ქრთამის აღება რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეში.
გვარაკიძის განცხადებით, გრიგოლ ლილუაშვილს ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.