პროკურატურამ „ლელოს“ შტაბის წევრის ცემის საქმეზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა

პუბლიკა

პროკურატურამ პოლიტიკური პარტია „ლელო საქართველოსთვის“ შტაბის წევრის ცემის საქმეზე დაკავებულ პირს ბრალდება წარუდგინა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით ამ ეტაპისთვის დადგინდა, რომ 2020 წლის 13 ოქტომბერს, ქ. ქუთაისში, თ.ყ. ერთ-ერთი კომპანიის სარეკლამო ღონისძიების ფარგლებში, სხვა პირებთან ერთად ქალაქის ქუჩებში მოტოციკლეტით გადაადგილდებოდა, რა დროსაც მანევრირების გამო წარმოშობილი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, თ.ყ.-მ, „მერსედესის” მარკის ავტომანქანის მძღოლს, პარტია „ლელო საქართველოსთვის“ შტაბის წევრს პ.კ.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

სამართალდამცველებმა, თ.ყ. იმავე დღეს ქ. ქუთაისში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, – წერს პროკურატურა.