საქართველოს პროკურატურა ავრცელებს ინფორმაციას, რომ ლერი სულაბერიძის განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებისთვის ირაკლი ღლონტს ბრალდება წარუდგინა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 28 ივლისს, ქ.თბილისში, წყნეთის გზატკეცილის მიმდებარე ტერიტორიაზე, ი.ღ.-მ განზრახ მოკვლის მიზნით მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა ლ.ს.-ს მიმართულებით, რომელიც საკუთარი ავტომანქანით გადაადგილდებოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოძიების პროცესში ჩატარდა არაერთი საგამოძიებო მოქმედება, რა დროსაც ნივთმტკიცების სახით ამოღებულ იქნა საბრძოლო მასალა“, – ვკითხულობთ უწყების განცხადებაში.
ირაკლი ღლონტი პოლიციამ 29 ივლისს დააკავა. ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით წარედგინა, რას სასჯელის სახედ და ზომად 7 დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„პროკურატურა დღეს მიმართავს თბილისის საქალაქო სასამართლოს ი.ღ.-სთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობი“, – ნათქვამია განცხადებაში.