საქართველოს პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე 1978 წელს დაბადებულ სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მოსამსახურეს ბრალდება წარუდგინა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლების მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის, სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თანამშრომელმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა 0.108096 გრამ ნარკოტიკული საშუალება „ალფა-პვპს“ და 0.0246 გრამ „ბუპრენორფინს“.
სამართალდამცველებმა აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები ბრალდებულის ჩხრეკის შედეგად ამოიღეს“, – ნათქვამია განცხადებაში.
პროკურატურის ცნობით, დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა) და 260-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს.