პროკურატურამ „ქოლცენტრ" A.K. GROUP-ის მმართველების და აგენტების წილები და ქონება დააყადაღა

პუბლიკა

სტუდია „მონიტორის” ცნობით, გენერალურმა პროკურატურამ თაღლითური ქოლ-ცენტრის, A.K. GROUP-ის ხელმძღვანელებსა და აგენტებს უძრავი ქონება დაუყადაღა.

საჯარო რეესტრს ყადაღის რეგისტრაციის მოთხოვნით საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დღეს, 13 მარტს მიმართა.

„სტუდია მონიტორის” ცნობით, დაყადაღებულია:

  • აკაკი ქევხიშვილის უძრავი ქონება, კომპანიის წილი და დედის სახელზე რეგისტრირებული ქონება.
  • მერი შოთაძის კომპანიის წილი და უძრავი ქონება, რომელიც მან 25 თებერვალს გადააფორმა სხვა პირზე;
  • ლანა ვახტანგაძის სახელზე რეგისტრირებული პარკინგი თბილისში;
  • თახირ სულთანოვის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონება – მიწის ნაკვეთი მცხეთაში და ბინა თბილისში;

თაღლითური ქოლ-ცენტრის A.K. GROUP-ის საქმიანობის გამოაშკარავება საერთაშორისო ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებში მოხდა.

გამოძიებაზე 30-ზე მეტი საერთაშორისო მედიის ჟურნალისტები მუშაობდნენ, მათ შორის: „ფლანგვის დეტექტორი”„სტუდია მონიტორი”„აი, ფაქტი”.

გამოძიება დაფუძნებულია შვედეთის საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის წყაროს მიერ მიწოდებულ მასალაზე. გამოძიებას კოორდინირება გაუწია OCCRP-მა, საერთაშორისო საგამოძიებო ჟურნალისტიკის ორგანიზაციამ.

ჟურნალისტური გამოძიების თანახმად:

  • თბილისის ცენტრში მდებარე ქოლცენტრმა 2022-2025 წლებში ევროპასა და კანადაში მსხვერპლებისგან სულ მცირე 35 მილიონი დოლარი მოიპარა.
  • ქოლცენტრს მართავს კომპანია სახელად A.K. Group, რომლის მფლობელიც არის 36 წლის მერი შოთაძე. ის ასევე ხელმძღვანელობს მრავალ ენაზე მოსაუბრე ახალგაზრდა ქართველების ჯგუფს, რომლებიც საინვესტიციო თაღლითობების მეშვეობით მთელ მსოფლიოში ადამიანებს ცხოვრების დანაზოგს ჰპარავენ.
  • ქოლცენტრს ასევე ხელმძღვანელობს აკაკი ქევხიშვილი, მერი შოთაძესთან დაკავშირებული ახლო პირი.
  • A.K. Group მოქმედებს ფარულად, არ ტოვებს კვალს ინტერნეტში და დაქირავებულ ოფისებში — თუმცა კომპანიის წვეულების ფოტოებით, რომლებმაც ონლაინ გაჟონა, ჟურნალისტებმა თაღლითების იდენტიფიცირება შეძლეს.

გამოძიების თანახმად, თბილისის ცენტრში მდებარე ოფისებიდან თაღლითებმა და დანარჩენმა პერსონალმა, რომელიც ჯამში მინიმუმ 85 ადამიანს აერთიანებდა, 2022 წლის მაისიდან 2025 წლის თებერვლის ჩათვლით, მსოფლიოს 6,100-ზე მეტ მომხმარებელს 35.3 მილიონი დოლარი მოჰპარეს.

ეს მონაცემები ფიქსირდება შიდა დოკუმენტებში, რომლებიც გამოიყენებოდა თითოეული მსხვერპლის დეპოზიტის გასაკონტროლებლად, მათ შორისაა A.K. Group-ის ხარჯებიც, როგორებიცაა პერსონალის ხელფასები, CRM-ის გადახდები, ქირა და სხვა ხარჯები.

გამოძიებაში ნათქვამია, რომ ქოლცენტრების თანამშრომლები თვითონვე ღიად უწოდებენ საკუთარ თავს „სკამერს“ და ტრაბახობენ მდიდრული არდადეგებით, ძვირფასი სამკაულების შეძენითა და მაღალი კლასის ტანსაცმლით.

მაგალითად, ერთ-ერთი წამყვანი „სკამერი“ ქორწილში ვერტმფრენით ჩაფრინდა.

ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, ქოლცენტრების თანამშრომლები იღებენ დეტალურ შეფასებებს და რანჟირდებიან გაყიდვების მოცულობის მიხედვით, რასაც ონლაინლიდერბორდი აკონტროლებს, რათა განსაზღვროს ყველაზე წარმატებული თანამშრომლები.

წამყვანმა თანამშრომლებმა შეიძლება თვეში 20,000 დოლარზე მეტი გამოიმუშაონ და იბრძოლონ პრიზებისთვის, როგორიცაა iPhone-ები და BMW-ები.

გამოძიებაში მითითებულია, რომ ჟურნალისტებმა შესაბამის სახელმწიფო სამსახურებს A.K. Group-ისა და თაღლითური ქოლცენტრების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ ჰკითხეს. საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მათ შემდეგი პასუხი გასცა:

„საქართველოს პროკურატურა აღნიშნული კომპანიის საქმიანობის შესახებ ინფორმაციას სწავლობს და შესაბამისად, რაიმე სახის დანაშაულებრივი საქმიანობის გამოვლენის შემთხვევაში მოახდენს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ რეაგირებას“.