პროკურატურამ ქუთაისის ერთ-ერთი სკოლის დირექტორს ბრალი წარუდგინა

პუბლიკა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე ქუთაისის №16 საჯარო სკოლის დირექტორს ბრალდება წარუდგინეს.

უწყების ცნობით, საქმეზე გამოძიება განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის მიერ ჩატარებული შემოწმების საფუძველზე დაიწყო, რომლის მიხედვითაც, შესაძლოა, ადგილი ჰქონოდა სკოლის კუთვნილი თანხის მითვისების ფაქტს.

„ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელსაც ეკისრებოდა პასუხისმგებლობა სკოლის ფინანსების სწორ და მიზნობრივ ხარჯვაზე, არაჯეროვნად შეასრულა სამსახურებრივი მოვალეობა. მან არ დააწესა სათანადო კონტროლი და მონიტორინგი სკოლის საბანკო ანგარიშიდან განხორციელებულ ტრანზაქციებზე, რამაც შესაძლებლობა მისცა დაწესებულების ბუღალტერს უკანონოდ მიეთვისებინა 57 758 ლარი.

სკოლის დირექტორს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველ ნაწილით (სამსახურებრივი გულგრილობა) წარედგინა“, – წერია პროკურატურის განცხადებაში.

დანაშაული 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის ცნობით, მათ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართეს. 

უწყების ცნობით, ამავე სკოლის ბუღალტერი, რომელიც პარალელურად იყო ქუთაისის №22 საჯარო სკოლის ბუღალტერიც, ორივე სკოლიდან დიდი ოდენობით თანხის მითვისებისთვის მიცემულია სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში. ასევე, სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე მიცემულია ქუთაისის №​​​​​​​22 საჯარო სკოლის დირექტორიც. ორივე ბრალდებულის მიმართ საქმეები არსებითად იხილება სასამართლოში.