პროკურატურამ რესპუბლიკური საავადმყოფოს ყოფილი ფინანსური დირექტორი დააკავა

პუბლიკა

საქართველოს გენერალური პროკურატურის კორუფციულ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველომ წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების, სამსახურებრივი სიყალბისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადების ფაქტებზე, რესპუბლიკური საავადმყოფოს ყოფილი ფინანსური დირექტორი, ამავე კლინიკის ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი და ინდივიდუალური მეწარმე დააკავა.

როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო ჯანდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის ანგარიში.

„საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ „საუნივერსიტეტო კლინიკის’’ ფინანსურმა დირექტორმა, საავადმყოფოს შენობის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად, ამავე კლინიკის ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის თანამშრომლის ახლო ნათესავი შეარჩია და მასთან ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, თავის დაქვემდებარებაში მყოფ თანამშრომელს მისცა უკანონო დავალება, რომ ძველი თარიღებით შესაბამისი სამართლებრივი დოკუმენტები შეედგინა.

აღნიშნულის საფუძველზე, 2020-2021 წლებში საუნივერსიტეტო კლინიკასა და ინდ.მეწარმეს შორის გაფორმდა ხელშეკრულებები, რომლის მიხედვით კლინიკის ოთხი სართულის, 3 060 496 ლარის ღირებულების სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები უნდა ჩატარებულიყო. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა შეადგინეს და „საუნივერსიტეტო კლინიკას“ ყალბი მიღება-ჩაბარებისა და შესრულებული სამუშაოების აქტები წარუდგინეს, რომლის მიხედვითაც ინდ.მეწარმემ თითქოსდა შეასრულა 3 055 770.67 ლარის სამუშაოები, რის საფუძველზეც მას კლინიკიდან 2 618 849.07 ლარი ჩაერიცხა.

სინამდვილეში კი, გამოძიების ფარგლებში ჩატარებული საინჟინრო-სამშენებლო ექსპერტიზის დასკვნის შედეგად, დადასტურდა, რომ შესრულებული სამუშაოების ღირებულება 2 475 003.03 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, შესრულებული სამუშაოების აქტებში დაფიქსირებულ თანხებსა და რეალურად შესრულებული სამუშაოების თანხებს შორის სხვაობამ 580 767.64 ლარი შეადგინა, საიდანაც დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დაეუფლნენ სახელმწიფო კომპანიის კუთვნილ 143 846 ლარს და სცადეს დარჩენილი 436 921.60 ლარის დაუფლებაც“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სამივე ბრალდებულის მიმართ წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით – პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.