პროკურატურის განცხადებით, მცხეთაში, რესტორან „მარანი ჰოლში“ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის 7 ივნისს, ქ. მცხეთაში, რესტორან „მარანი ჰოლში“ ყოფნის დროს, სხვის სახელზე რეგისტრირებული AERO PRECISION X15-ის მოდელის ცეცხლსასროლი იარაღიდან, კ.ნ.-მ უკანონოდ მოახდინა რამდენიმე გასროლა.
იმავე დღეს ზემოაღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღი ამოღებული იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ“, – აცხადებს პროკურატურა.
მცხეთაში სროლისთვის დაკავებულს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარედგინა, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენას გულისხმობს და სასჯელის სახით 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის განცხადებით, ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადებში მიმართავენ, საქმეზე გამოძიება კი გრძელდება.