გენერალურმა პროკურატურამ ნიკა მელიას მიერ აღკვეთის ღონისძიების პირობების დარღვევის გამო სასამართლოს მისთვის უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით მიმართა. პროკურატურა ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს 100 000 ლარის ოდენობით შეფარდებას და სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის შეზღუდვის დაწესებას მოითხოვს, – ამის შესახებ განცხადებას პროკურატურა ავრცელებს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ცნობით, პროცესი 5 საათზეა ჩანიშნული.
პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ნიკა მელიამ 1 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციისას ელექტრონული სამაჯური მოიხსნა და ხალხში მოისროლა.
შესწორება: თავდაპირველად მასალა სხვა სათაურით გამოქვეყნა [პროკურატურამ სასამართლოს ნიკა მელიასთვის პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით მიმართა], იმ ინფორმაციის საფუძველზე, რაც „პუბლიკას” საქალაქო სასამართლოში განუცხადეს. სათაური შეიცვალა პროკურატურის მიერ დამატებითი ინფორმაციის გავრცელების შემდეგ.
პროკურატურამ ნიკა მელიას 2019 წლის 20-21 ივნისს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდება წარუდგინა. 25 ივნისს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ პარლამენტს ნიკანორ მელიას სადეპუტატო მანდატის მოხსნის მოთხოვნით მიმართა.
26 ივნისს, პარლამენტმა საგანგებო სესიაზე, ოპოზიციური პარტიების ბოიკოტის ფონზე, მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი მოუხსნა, რათა სასამართლოს მიერ მისთვის პატიმრობის შეფარდება გამხდარიყო შესაძლებელი.
სასამართლომ 2019 წლის 27 ივნისს დეპუტატს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო განუსაზღვრა, თუმცა დამატებით, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მელიას აეკრძალა საგამოძიებო ორგანოს ნებართვისა და ინფორმირების გარეშე საცხოვრებელი ადგილის დატოვება, მოწმეებთან ნებისმიერი კომუნიკაცია და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება. მის მიმართ ასევე გამოყენებული იქნა ელექტრონული მონიტორინგი და დაუმაგრეს შესაბამისი სამაჯური