პროკურატურამ თერჯოლის ერთ-ერთი სკოლის პედაგოგს კოლეგის ადევნებისთვის ბრალი წარუდგინა

პუბლიკა

საქართველოს პროკურატურამ თერჯოლის ერთ-ერთი სოფლის სკოლის პედაგოგს ბრალი ადევნების მუხლით წარუდგინა.

უწყების ცნობით, შსს-ის გამოძიების თანახმად, თერჯოლის ერთ-ერთ სოფელში საჯარო სკოლის პედაგოგი თავის კოლეგასთან სისტემატურად ამყარებდა არასამსახურებრივ და არასასურველ კომუნიკაციას.

კერძოდ, ბრალდებული დაზარალებულს დაჟინებით სთხოვდა სქესობრივ ურთიერთობას და კატეგორიული უარის მიუხედავად, მასთან დაახლოების მცდელობებს მაინც განაგრძობდა.

დაზარალებული იძულებული გახდა, მნიშვნელოვნად შეეცვალა ცხოვრების ჩვეული წესი და სამსახურიდან ხანგრძლივ უხელფასო შვებულებაში გასვლის შესახებ გადაწყვეტილება მიეღო.

სკოლის პედაგოგს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ადევნება, რამაც დაზარალებულის ფსიქიკური ტანჯვა და ძალადობის გამოყენების შიში გამოიწვია) წარედგინა.

პროკურატურა სასამართლოს ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით – პატიმრობის გამოყენების და ბრალდებულის თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნით კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

ასევე, მომხდარი ფაქტის შესწავლისა და შესაბამისი სამართლებრივი ზომების გატარების მიზნით, პროკურატურა მიმართავს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შესაბამის რესურსცენტრს.