პროკურატურამ ვაჟა მელაძის მიმართ ძებნა გამოაცხადა

პუბლიკა

პროკურატურის ცნობით, ავეჯის მწარმოებელი კომპანია „მელაძის” მფლობელი ბრალდებულია დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე. ასევე, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულია კიდევ ორი პირი.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებული ჯგუფურად – მეუღლესთან და კიდევ ერთ პირთან ერთად, სასურველი ავეჯის დამზადების პირობით, 26 მოქალაქის კუთვნილ 473 252 ლარს მოტყუებით დაეუფლა.

„პროკურატურის მიერ ბრალდების წარდგენის შემდგომ, ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ კომპანია „მელაძის” მფლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო – 7000  ლარის ოდენობით შეუფარდა. მასვე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე დაეკისრა საგამოძიებო ორგანოსთვის პასპორტის ჩაბარების ვალდებულება და პროკურორის ან გამომძიებლის ნებართვის გარეშე, აეკრძალა საქართველოს სახელმწიფოს საზღვრის გადაკვეთა.

მიუხედავად აკრძალვისა, ბრალდებული გამოძიებას მიემალა. აღნიშნულიდან გამომდინარე, პროკურატურამ სასამართლოს ბრალდებულის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების შეცვლის მოთხოვნით მიმართა. თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ პროკურატურის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, ბრალდებულის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო, პატიმრობით შეიცვალა და მის მიმართ გამოცხადდა ძებნა“,- ნათვქამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, 2022 წლის 31 ოქტომბერს ბრალდება წარედგინა ორ პირს. მათ შორის კომპანია “მელაძის” მფლობელის მეუღლეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით) (17 ეპიზოდი) და 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) (3 ეპიზოდი) წარედგინა.

„საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ბრალდებულის მეუღლე, უშუალოდ იყო ჩართული თაღლითურ სქემაში, იყო კომპანია “მელაძის”დამფუძნებელი, პირადად მონაწილეობდა საწარმოს მართვაში და მისი მითითებით ხდებოდა დაზარალებულების თანხების განკარგვა. ვინაიდან, აღნიშნული პირიც თავს არიდებდა საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას, მას გადაკვეთილი აქვს საქართველოს საზღვარი და იმყოფება მიმალვაში, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.“

აქვე ვკითხულობთ, რომ სისხლის სამართლის საქმეზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება გამოძიება. საგამოძიებო ორგანოს თითქმის ყოველდღიურად მიმართავენ ახალი დაზარალებულები.

პროკურატურის ცნობით, ამ დროისათვის საქმეში  ფიგურირებს  47 დაზარალებული და მათ მიმართ მიყენებული ზიანი ჯამში შეადგენს 719 408 ლარს.