პროკურატურამ ვაკეში დაჭრის ფაქტზე ძმებ კაკულიებს ბრალდება წარუდგინა

პუბლიკა

პროკურატურამ თბილისში ჯგუფურად მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვის, ტარების, ასევე, საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე, დავით და გუგა კაკულიებს ბრალდება წარუდგინა.

პროკურატურის ცნობით, არაყიშვილის ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის ფაქტი გახსნილია. ძმები კაკულიები 30 მაისს დააკავეს.

„დადგინდა, რომ 27 მაისს, არაყიშვილისა და ფალიაშვილის ქუჩების კვეთაზე, ბრალდებულებმა ჯგუფურად, განზრახ მოკვლის მიზნით ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გასროლის შედეგად ერთ პირს მრავლობითი დაზიანებები მიაყენეს.

ბრალდებულების მიერ ჩადენილმა ქმედებამ ასევე საფრთხე შეუქმნა ადგილზე მყოფ პირებს, მათ შორის ერთ-ერთმა ფეხის არეში დაზიანება მიიღო. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, მართლსაწინააღმდეგოდ, ჯგუფურად შეიძინეს ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, რასაც ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდნენ მათ მიერ ნაქირავებ ბინაში“, – განაცხადეს ბრიფინგზე.

წარდგენილი ბრალდება 13- დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა სასამართლოში ბრალდებულებისთვის აღკვეთის სახით პატიმრობის შეფარდების შესახებ იშუამდგომლებს.

პროკურატურაში აცხადებენ, რომ შეისწავლიან ბრალდებულების მიერ სხვა დანაშაულებრივ ფაქტებთან მათი შესაძლო შემხებლობას.

„აღსანიშნავია, რომ საქართველოს სამართალდამცავი ორგანოები სამართლებრივი თანამშრომლობის ფარგლებში აქტიურად თანამშრომლობენ სომხეთის შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებთან, ბრალდებულების მიერ სომხეთში დანაშაულის ჩადენის ფაქტთან დაკავშირებით“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.