პროკურატურას აინტერესებდა, რაში დაიხარჯა ბაჩიაშვილისა და გილაურის გადმორიცხული თანხა - ჟორჟოლიანი გამოკითხვაზე

პუბლიკა

„პირბადეების საქმესთან“ დაკავშირებით 24 სექტემბერს პროკურატურაში ტელეწამყვანი, „ნანუკას ფონდის“ დამფუძნებელი, ნანუკა ჟორჟოლიანი გამოჰკითხეს.  მისი განცხადებით, ფონდში ბევრი ადამიანი რიცხავდა სხვადასხვა ოდენობის თანხას, თუმცა, პროკურატურამ მათ შორის მხოლოდ ორი პიროვნება – გიორგი ბაჩიაშვილი და ნიკა გილაური გამოარჩია:

„მე ვიყავი მისული წესდებით, რომ პროკურატურისთვის კიდევ ერთხელ შემეხსენებინა, რომ ყველა გადარიცხვა ითვალისწინებს იმ ნორმას, რასაც უშვებდა წესდება, რის უფლებასაც წესდება მაძლევდა, ეს ერთი; მეორეც, თქვენ იცით, რომ ფონდში არის ძალიან ბევრი ალბათ ათიათასობით ჩარიცხვა დაწყებული ერთი ლარიდან, დამთავრებული ათიათასობით ლარით, ემიგრანტები და ასე შემდეგ, მათ შორის ბიზნესმენები, საბანკო სექტორი, ძალიან ბევრი ჩამრიცხველი ჰყავდა.

მაგრამ, პროკურატურამ ამ ყველასგან გამოარჩია მხოლოდ ორი გვარი, ეს იყო – ბაჩიაშვილი და გილაური და პროკურატურას აინტერესებდა, ბაჩიაშვილისა და გილაურის თანხა რისთვის იყო, მიუხედავად იმისა, რომ იქ მიზნობრიობა [მითითებული] იყო, რაში დაიხარჯა ეს თანხა. ამაზე პასუხი გავეცი და ვუთხარი კიდეც, რომ გილაურთან დაკავშირებით დღეს, დღევანდელი ჩემი გადასახედიდან „ქართულ ოცნებას“ უფრო შეუძლია ინფორმაცია მომაწოდოს, ვიდრე მე მივაწოდო მას“, – თქვა ნანუკა ჟორჟოლიანმა.

პროკურორმა ლაშა კოტრიკაძემ მედიასთან თქვა, რომ აქვთ მტკიცებულებები, „რომლებიც ადასტურებს, რომ „ნანუკას ფონდი“ მატერიალურ მხარდაჭერას უწევდა ამ ძალადობრივ აქციებს“.

„ახლა რაში გამოიხატა ეს მატერიალური მხარდაჭერა, როგორც გითხარით, როდესაც აქციებმა უკვე მიიღო ძალადობრივი ხასიათი, ეს უკვე ხდება ნოემბრის თვიდან, წახალისებაში ამ სამართალდარღვევების და პატიმრების და მათი ოჯახის წევრებისთვის ფონდიდან დაიხარჯა 150 000 ლარზე მეტი, ასევე ისეთი ნივთების შეძენაში, როგორიცაა, მაგალითად – პიროტექნიკა, ჩაფხუტები და აირწინაღები დახარჯულ იქნა 600 000 ლარზე მეტი. უფრო მეტსაც გეტყვით, მტკიცებულებებით დადასტურებული გვაქვს, რომ ეს შეძენილი აირწინაღები, შეძენილი პიროტექნიკა და ჩაფხუტები პირდაპირ სამარშრუტო ტაქსით მიტანილ იქნა აქციებზე. აქედან გამომდინარე, ლოგიკურად ჩნდება კითხვა, როდესაც ფონდის გაცხადებული მიზნებია საქველმოქმედო, რომელ საქველმოქმედო მიზანს ემსახურებოდა 600 000 ლარის დახარჯვა პიროტექნიკაში, ჩაფხუტებში და სხვა ნივთებში, რომელიც პირდაპირ აქციაზე მიიტანეს“, – თქვა პროკურორმა.

მისივე მტკიცებით, აქცენტი მხოლოდ ბაჩიაშვილისა და გილაურის ჩარიცხვებზე არ გაკეთებულა.


17 მარტს „ნანუკას ფონდის“ ანგარიშები დააყადაღეს. პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომ ფონდები დააყადაღეს „საბოტაჟზე“ იმ გამოძიების ფარგლებში, რომელიც ვატო შაქარიშვილის ორგანიზაციის მიმართვის შემდეგ დაიწყო. 29 აპრილს ნანუკა ჟორჟოლიანის სახლში ჩხრეკა ჩატარდა. ტელეწამყვანმა თქვა, რომ ეძებდნენ ფონდის დოკუმენტაციას, ამოიღეს ტექნიკა და ძველი ტელეფონები.

გამოძიება, რომელიც პროკურატურაში მიმდინარებს „საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებისა და საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზებას ეხება“.