პროკურატურას „ბირჟა მაფიის“ საქმეზე ქებურიას სასარგებლოდ 36 815 ლარის გადახდა დაეკისრა

პუბლიკა

თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს გენერალურ პროკურატურას „ბირჟა მაფიის“ საქმეზე გიორგი ქებურიას უკანონო დაკავების, უკანონო პატიმრობისა და სისხლისსამართლებრივი დევნის გამო მორალური და მატერიალური ზიანის სახით 36 815 ლარის გადახდა დააკისრა, – ინფორმაციას ამის შესახებ GDI ავრცელებს, რომელიც სასამართლოში ქებურიას ინტერესებს იცადა.

„ბირჟა მაფიის“ წევრები 2017 წლის 7 ივნისს ნარკოტიკული დანაშაულის ბრალდებით დააკავეს. გიორგი ქებურიას პროკურატურა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენას ედავებოდა. 2017 წლის 9 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი ქებურიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, რაც მალევე სააპელაციო სასამართლომ  20 000 ლარიანი გირაოთი შეცვალა.

საგულისხმოა, რომ გიორგი ქებურიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა 2017 წლის 15 დეკემბერს პროკურორის დადგენილების საფუძველზე შეწყდა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ გიორგი ქებურიას ქმედებაში ბრალდების სახით წარდგენილი დანაშაულის სისხლის სამართლის კანონით გათვალისიწინებული ნიშნები არ არსებობდა. პროკურატურის ამ დადგენილებას წინ უსწრებდა იმდროინდელი მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირთა, მათ შორის, მინისტრების განცხადებები, რომლებიც „ბირჟა მაფიას“ შემოქმედებას სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ ქმედებად აფასებდნენ.

საქმის კონტექსტის, წარდგენილი ბრალდების სიმძიმისა და იმ უარყოფითი გავლენის გათვალისწინებით, რომელიც გიორგი ქებურიას უკანონო დაკავებით, პატიმრობითა და მის წინააღმდეგ წარმოებულ უკანონო სისხლისსამართლებრივ დევნით მიადგა, თბილისის საქალაქო სასამართლომ გაითვალისწინა მოსარჩელე მხარის არგუმენტაცია და როგორც მორალური, ასევე მატერიალური ზიანის ანაზღურების მოთხოვნა სრულად დააკმაყოფილა”, – წერს GDI.


„ბირჟა მაფიის“ წევრები გიორგი ქებურია და მიშკა მგალობლიშვილი 2017 წლის 7 ივნისს დააკავეს, კლიპის – „Tsl Shavi Zeda-ს” გამოქვეყნების შემდეგ.

მათ ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ფლობის მუხლით წაუყენეს. პროკურატურა ქებურიას 2,3342 გრამი MDMA-ის შეძენა-შენახვას ედავებოდა.

რეპერების თქმით, პოლიციამ მათ ნარკოტიკული საშუალება ჩაუდო დაკავებმადე რამდენიმე დღით ადრე გამოქვეყნებული კლიპის გამო, სადაც პოლიცია იყო გაშარჟებული.

რეპერების დაკავებას საზოგადოების მხრიდან უარყოფითი რეაქცია მოჰყვა, გაიმართა ფართომასშტაბიანი აქცია.