„პროკურატურას ჰქონდა შეკითხვები ჩემს ზოგიერთ Facebook-პოსტთან დაკავშირებით“ - გიორგი მშვენიერაძე

პუბლიკა

მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გიორგი მშვენიერაძის გამოკითხვა დასრულდა. შეკითხვების შინაარსზე ორგანიზაცია „დემოკრატიის მცველების“ ხელმძღვანელმა მედიასთან ისაუბრა:

„პროკურატურის წარმომადგენლებს, სავარაუდოდ, ან არ ჰქონდათ კარგად წაკითხული ორგანიზაციის წესდება ან აინტერესებდათ, მე რამდენად კარგად ვიცოდი იმ ორგანიზაციის წესდება, რომლის გამგეობის თავმჯდომარეც ვარ. ვფიქრობ, ეს გამოცდა კარგად ჩავაბარე.

მათ ჰქონდათ შეკითხვები ჩემს ზოგიერთ Facebook-პოსტთან დაკავშირებით. ამაყი ვარ, რომ ეს პოსტები მიწერია და მომავალშიც მსგავსს, ალბათ, ბევრს დავწერ. საუბარი ძირითადად იყო, მაგალითად, იმაზე, რომ აქციები რომელიც ქუჩაში იმართებოდა ნოემბერსა და დეკემბერში, რატომ მიმაჩნია, რომ იყო კარგი და მნიშვნელოვანი. 

იყო საკითხი დასმული, ვინ იყო 2024 წლის პროტესტის ორგანიზატორიო. მე დავუსახელე ორგანიზატორი – ეს არის ბატონი ირაკლი კობახიძე, რომელმაც საკუთარი 28 ნოემბრის განცხადებით, ფაქტობრივად მთელი საქართველოს მობილიზება გააკეთა და ხალხის ქუჩაში გამოსვლა უზრუნველყო საქართველოს ევროპული მომავლის დასაცავად. იმედია, ბატონ ირაკლის ჰკითხავენ, რატომ გააკეთა ეს, კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ რატომ იმოქმედა და მოქმედებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება.

ასევე ზოგიერთი კითხვა იყო დაკავშირებული შესყიდვების დოკუმენტებთან. რაზეც მქონდა ინფორმაცია, გავუზიარე, თუმცა არ ყოფილა არცერთი დოკუმენტი, რომელშიც რაიმე უკანონო საგანი არის შესყიდული ვინმეს მიერ“, – განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.

საქმე ეხება გამოძიებას, რომელიც პროკურატურამ ვატო შაქარიშვილის და ნანა კაკაბაძის ორგანიზაციის მიმართვის საფუძველზე დაიწყო.

27 აგვისტოს ქართული ოცნების“ პროკურატურამ განაცხადა, რომ მათი მოთხოვნის საფუძველზე ყადაღა დაადეს 7 არასამთავრობო ორგანიზაციის, „სამოქალაქო საზოგადოების ფონდის“, ISFED-ის, IDFI-ის, GDI-ის, „დემოკრატიის მცველების“, „საფარის“ და „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“, ანგარიშებს.

უწყების თანახმად, ამ ორგანიზაციების დანაშაული იმაში მდგომარეობს, რომ მათი „მიზნობრივი ფინანსები გამოყენებული იქნა ისეთი აღჭურვილობის შესაძენად, როგორიც არის – სპეციალური აირწინაღები, დამცავი სათვალეები, პირბადეები, სახის დასაფარი ნიღბები, წიწაკის სპრეი და სხვა საშუალებები, რასაც აქციის მონაწილეები აქტიურად იყენებდნენ პოლიციასთან ძალადობრივი დაპირისპირებისას“.

პროკურატურა დანაშაულად მიიჩნევს საპროტესტო აქციების დროს დაკავებულების და დაჯარიმებულების დახმარებასაც.