„ძლიერი საქართველოს“ კიდევ ერთი წარმომადგენელი, ირაკლი კუპრაძე აცხადებს, რომ არჩევნების შესახებ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში პროკურატურამ გამოკითხვაზე დაიბარა. ისიც, სხვა პოლიტიკოსების მსგავსად, აღნიშნავს, რომ უწყებაში მისვლას არ აპირებს.
„ოცნება“ აგრძელებს საკუთარ ძალადობრივ, დანაშაულებრივ პოლიტიკას და ფარსით, რომელსაც ის გამოძიებას ეძახის, აგრძელებს პოლიტიკოსების დაბარებას პროკურატურაში. დამირეკეს პროკურატურაში და დამიბარეს გამოკითხვაზე. რა თქმა უნდა, ქართული „ოცნებისა“ და ივანიშვილის პროკურატურას არ ვუცხადებ ნდობას და არ მივდივარ გამოკითხვაზე პროკურატურაში“, – განაცხადა მან.
მიმდინარე გამოძიების ფარგლებში უკვე გამოიკითხნენ მამუკა ხაზარაძე, ნათია მეზვრიშვილი, „ჩემი ხმის“ წარმომადგენლები და ზურაბ გირჩი ჯაფარიძე. პროკურატურაში ასევე დაბარებული არიან „ძლიერი საქართველოს” წარმომადგენელი, საბა ბუაძეც და „კოალიცია ცვლილებისთვის” წევრი, თენგო თევზაძე.
გამოკითხვაზე დაიბარეს საქართველოს პრეზიდენტი, თუმცა სალომე ზურაბიშვილმა უწყებაში მისვლაზე უარი თქვა და ბრიფინგზე საზოგადოების წინაშე საარჩევნო დარღვევების და შესაძლო გაყალბების მტკიცებულებების საჯარო პრეზენტაცია მოაწყო.