პროკურატურაში გელა ბეჟუაშვილის გამოკითხვა დასრულდა

პუბლიკა

პროკურატურამ ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი და უშიშროების საბჭოს მდივანი გელა ბეჟუაშვილი გამოკითხა. გამოკითვის დასრულების შემდეგ გელა ბეჟუაშვილმა განაცხადა, რომ კითხვები ძირითადად დაუსვეს იმის თაობაზე, თუ რა შეხება ჰქონდა სადემარკაციო კომისიასთან უშიშროების საბჭოსა და საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობის პერიოდში.

გელა ბეჟუაშვილის თქმით, მან გამოკითხვაზე განაცხადა, რომ დაკავებული ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას პროფესიონალიმში ეჭვი არ ეპარება და ამ საქმის გამოძიება მათი დაკავების გარეშეც შეიძლებოდა.

„მე დავაფიქსირე ჩემი დამოკიდებულება გამომძიებელთან. მე არც მაშინ და არც დღეს არანაირი საფუძველი არ მქონია ეჭვი შევიტანო მათ პროფესიონალიზმში ან პატრიოტიზმში“.

გელა ბეჟუაშვილის თქმით, რუკებთან დაკავშირებით მას არ ჰქონდა შესაბამისი ცოდნა, თუმცა დადგენილი იყო, რომ აზერბაიჯანთან მოლაპარაკების პროცესში 1996 წელს დადგენილი დოკუმენტაციით ესარგებლათ და დამატებითი კითხვები ამ მიმართულებით არ გასჩენიათ.

„ყოველ შემთხვევაში კომისიის ფარგლებში ეს კითხვები ჩვენთან არ დასმულა. შეიძლება შიგნით ემსჯელათ რამდენად ვარგისია თუ არა, მაგრამ პოლიტიკურ დონეზე ეს არ განგვიხილავს დეტალებში. ვიცნობ პირადად ივერის, არ ვიცნობ ქალბატონ ნატალიას და არანაირი საფუძველი არ მქონია ეჭვი შემეტანა მის საქმიანობაში“, – განაცხადა ბეჟუაშვილმა.


აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაციის კომისიის ყოფილი წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა პატიმრობაში 8 ოქტომბრიდან იყვნენ.

გამოძიების მტკიცებით, საზღვრების შეთანხმებისას მათ არ გამოიყენეს ერთ-ერთი რუკა, რომელიც საქართველოს ინტერესებში შედიოდა.

ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა ბრალს არ აღიარებენ. მიიჩნევენ, რომ პროკურატურის მიერ მტკიცებულებად მოყვანილი რუკის გამოყენება არ შეიძლებოდა.