საქართველოს პროკურატურამ ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობისთვის ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოებული გამოძიების მიხედვით, ბრალდებული დას პირად ცხოვრებასთან დაკავშირებულ საკითხებზე გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღებას უზღუდავდა.
აღნიშნულის გამო 16 მაისს ბრალდებულმა გარდაბანში დას ჯერ ავტომანქანა შეაჯახა, შემდეგ კი დანით სიცოცხლისთვის საშიში, მძიმე ხარისხის დაზიანებები მიაყენა.
ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად ქალი ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 109-ე მუხლის „თ“, „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით (განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობა გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16 -დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის განცხადებით, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.