„პროკურატურიდან მიღებული ინფორმაციით, ნინოწმინდის პანსიონში ძალადობაზე არაერთი საქმეა აღძრული“. – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ „მთავარი არხის” ეთერში ისაუბრა, გადაცემაში – „ღამის მთავარი“.
„პროკურატურიდან მიღებული ინფორმაციით, არაერთი საქმეა აღძრული ბოლო წლებში და დაწყებულია გამოძიება ძალადობის მუხლებით, სავარაუდოდ, პანსიონის ბენეფიციარების მიმართ. ჩვენ ვაზუსტებთ ახლა დეტალებს, კონკრეტულად რაში გამოიხატება ეს ძალადობა და ა.შ. უფრო მძიმე მუხლებითაცაა დაწყებული გამოძიება და მეტ დეტალს ახლა ვერ ვიტყვით…
უწყებებიდან გამოვითხოვთ დამატებით ინფორმაციას, იმიტომ რომ არაერთხელ გაჟღერდა თითქოს იქ ყველაფერი კარგად არის, მაგრამ სინამდვილეში იმავე სამართალდამცავი ორგანოების მონაცემებითაც არ არის იქ ყველაფერი კარგად. ძალადობის მუხლებით არის დაწყებული გამოძიება და რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ყველა ამ შემთხვევაში პირმა მიმართა სამართალდამცავებს მას შემდეგ, რაც დატოვა ეს დაწესებულება, როგორც ბენეფიციარმა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ იქ მყოფ ბავშვებს არ აქვთ არანაირი შესაძლებლობა ,რომ ამ ფაქტების შესახებ ვინმეს ხმა მიაწვდინონ. არ უშვებენ სახალხო დამცველს. იქ მუდმივად დაჰყვებიან აღმზრდელები, სკოლის პერიოდშიც კი. ისინი არიან სრულიად იზოლირებულნი გარესამყაროსგან, ვერავის აწვდიან ხმას და არის შემთხვევები, როდესაც დაწესებულებას ტოვებენ, შემდეგ ცდილობენ სამართალდამცავებთან თუ სახალხო დამცველთან კომუნიკაციას“. – ამბობს ნინო ლომჯარია.
მისივე თქმით, სახალხო დამცველს მთავარი პრეტენზიები სახელმწიფოსთან აქვს, რადგან ბავშვები იმ პანსიონში სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ იმყოფებიან: „სახელმწიფო არის მათზე პასუხისმგებელი, მათი უფლებების დაცვაზე პასუხისმგებელი”.
სახალხო დამცველის რწმუნებულებს დღემდე არ მისცემიათ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში შესვლისა და კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული უფლებამოსილების – ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის მონიტორინგის – შესაძლებლობა. სხალთის მთავარეპისკოპოსი სპირიდონი (აბულაძე) ამბობს, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენლები პანსიონში მისი კურთხევით არ შეუშვეს.
7 მაისს ცნობილი გახდა, რომ გაეროს ბავშვთა კომიტეტმა დროებითი ღონისძიება გამოსცა, რომლითაც დააკმაყოფილა ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) 5 მაისის საჩივარი და მთავრობას ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში, ყველა შესაბამისი უწყების მიერ, მონიტორინგის ჩატარების უზრუნველყოფა დაავალა.
19 მაისს საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულები განმეორებითი ვიზიტით იმყოფებოდნენ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში, თუმცა გაეროს ბავშვთა კომიტეტის მიერ მიღებული დროებითი ღონისძიების მიუხედავად, მონიტორინგის შესაძლებლობა ისევ არ მიუციათ.