პროკურატურის მასალების თანახმად, გიორგი ბაჩიაშვილმა საქართველო სომხეთის საზღვრის გავლით დატოვა.
ეს მისმა ადვოკატმა, ლევან მახარაშვილმა „ტვ პირველთან“ დაადასტურა.
მახარაშვილის თქმით, დადგენილებაში წერია, რომ გიორგი ბაჩიაშვილი საქართველოდან წავიდა სომხეთში, იქიდან კი მესამე ქვეყანაში წავიდა სხვა პასპორტით.
ადვოკატი ამბობს, რომ დადგენილებაში სხვა არაფერი წერია.
გიორგი ბაჩიაშვილს მესამე ბრალი წარუდგინეს — თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს საზღვრის უკანონოდ კვეთას ედავებიან. პროკურატურა ბაჩიაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.
დადგენილება ადვოკატმა ჩაიბარა.
აღკვეთის ღონისძიებაზე თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს, 5 მარტს იმსჯელებს.
4 მარტს გიორგი ბაჩიაშვილმა დაწერა, რომ საქართველოდან წავიდა.
ამავე საღამოს თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა „ტვ პირველის” გადაცემა „რეაქციაში“ თქვა, რომ საქართველოდან წასასვლელად „სისტემაში არსებული ხვრელები და ადამიანებიც” გამოიყენა და მიუხედავად იმისა, რომ ორივე პასპორტი ჩამორთმეული ჰქონდა, ქვეყნის დატოვება მოახერხა.
გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ სისხლის სამართლის 2 საქმის წარმოება მიმდინარეობს. ორივე საქმეზე მას გირაო აქვს შეფარდებული. ჩამორთმეული ჰქონდა ორივე პასპორტი – საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეობის.
უცნობია, ზუსტად როგორ დატოვა საქართველო გიორგი ბაჩიაშვილმა.