პროკურატურის ცნობით, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს.
გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით, უცხო ქვეყნის მოქალაქეს მიწის ნაკვეთების ერთობლივი სახსრებით შეძენა შესთავაზა და მოტყუებით დაეუფლა 6,102,153 ლარს.
„იგი დაზარალებულს შესაძენი ქონების რეალურ ფასზე გაცილებით მეტს ეუბნებოდა, გაზრდილი ფასის მითითებით ყალბ ცნობებს აწვდიდა, ხოლო სინამდვილეში ქონებას ბევრად ნაკლებ ფასში ყიდულობდა. დაზარალებულის მიერ ზედმეტად გადახდილ თანხებს კი მოტყუებით ეუფლებოდა. ასევე, ბრალდებულმა თითქოსდა, მომგებიანი იურიდიული პირის და მისი აქტივების შესაძენად დაზარალებულს ეტაპობრივად დიდი ოდენობით თანხები გამოართვა, თუმცა რეალურად შეთანხმებული კომპანია არ შეუძენია და დაზარალებულს ფორმალურად გაუფორმა წილი მსგავსი სახელწოდებით ახალდაფუძნებულ საწარმოში, რომელსაც ქონებები და აქტივები არ გააჩნდა. აღნიშნული გზით, ბრალდებული მოტყუებით დაეუფლა დაზარალებულის კუთვნილ 6,102,153 ლარს“, – აცხადებს უწყება.
ბრალდებული სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.