პროკურატურის ცნობით, აშშ-ის მოქალაქის კუთვნილი თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით სამი პირი დააკავეს

პუბლიკა

საქართველოს გენერალური პროკურატურის განცხადებით, გამოავლინეს ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქის კუთვნილი თანხის თაღლითურად დაუფლებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი.

უწყებაში გამართული ბრიფინგით ცნობილი გახდა, რომ ნიგერიის სამმა მოქალაქემ სოციალურ ქსელში გამოგონილი პიროვნების სახელით დაარეგისტრირეს მომხმარებლის გვერდი და კომუნიკაცია დაამყარეს დაზარალებულთან ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე დ.კ.-სთან.

პროკურატურის ცნობით, მათ დაზარალებული დ.კ. დაარწმუნეს, რომ მასთან კომუნიკაციაში იყო საქართველოში მცხოვრები, წარმოშობით გერმანელი ფრენკ ლუკას ბალაკი, რომელსაც მოგებული ჰქონდა 900 000 აშშ დოლარის ტენდერი ხიდების მშენებლობასთან დაკავშირებით და აპირებდა აშშ-ში დ.კ-ს თან  გამგზავრებას, მასთან ოჯახის შექმნის მიზნით.

„ნდობის მოპოვების შემდეგ, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, გამოგონილი ქართველი ექიმის სახელით, დაუკავშირდნენ დაზარალებულს და აცნობეს, რომ ფრენკ ლუკას ბალაკი მოყვა ავარიაში და სასწრაფოდ ესაჭიროებოდა თანხის გაგზავნა საქართველოში მკურნალობის ხარჯის დასაფარად. ამავდროულად დაარწმუნეს, რომ მკურნალობის მიზნით საქართველოში გადმორიცხული ფულადი თანხა აუნაზღაურდებოდა ხიდების მშენებლობასთან დაკავშირებული ტენდერიდან მიღებული შემოსავლებიდან.

დაზარალებულმა დ.კ-მ რეალურად აღიქვა მიწოდებული ინფორმაცია და დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების მიერ კონტროლირებად საბანკო ანგარიშებზე, ეტაპობრივად, გადმორიცხა ჯამში 233 250 აშშ დოლარი, რომელსაც ო.ფ, ფ.ჩ და ო.მ მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ.

დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ფულადი თანხები, მათთვის კანონიერი სახის მიცემის, ლეგალიზაციის, მიზნით ო.ფ-მ, ფ.ჩ-მ და ო.მ-მ დაანაწევრეს და მრავალჯერადი ტრანზაქციებით, სწრაფი ფულადი გზავნილების სახით, გადარიცხეს ნიგერიის და თურქეთის რესპუბლიკებში, მათ მიერ კონტროლირებად საბანკო ანგარიშებზე, რითაც მოახდინეს ჯამში 86 800 აშშ დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია“, – განაცხადეს პროკურატურაში.

2020 წლის 13 აგვისტოს ნიგერიის სამ მოქალაქეს ბრალდებად წარედგინათ თაღლითობა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, რაც 9-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

უწყების ცნობით, 14 აგვისტოს ბრალდებულებს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.