პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგოს საქმეზე გამოძიება სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე მიმდინარეობს.
პროკურატურის განცხადებაში ნათქვამია, რომ გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო „თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორის მოხსენებითი ბარათი, რომლის მიხედვით დგინდება, რომ 12 წლის ანი იანუშაიტიტეს გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სისხლის სამართლის საქმეზე, 21 მარტს კომპლექსური, მათ შორის სასამართლო ბიოლოგიური ექსპერტიზა დაინიშნა და გამოსაკვლევად ანი იანუშაიტიტეს გვამიდან აღებული მასალები გადაიგზავნა”.
„ბიოლოგიური ექსპერტიზის კვლევის ჩასატარებლად ექსპერტის მიერ შესაბამისი წესით დალუქული ფუთები გაიხსნა, რომლებშიც მოთავსებული იყო ანი იანუშაიტიტეს გვამიდან აღებული ნაცხის ნიმუში და ანაწმენდები. ფუთების გახსნისას აღმოჩნდა, რომ სავარაუდოდ შენახვის პირობების დარღვევამ საკვლევ მასალაზე ობის მაგვარი დანაშრევების წარმოშობა გამოიწვია.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. გამოძიების ფარგლებში, ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება და მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილების შესახებ საზოგადოებას დამატებით ეცნობება”, – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.
საქმეზე მნიშვნელოვანი მტკიცებულებების დაზიანებასთან დაკავშირებით საუბრობდა გარდაცვლილი გოგოს ოჯახი და ორგანიზაცია „უფლებები საქართველო”, რომელიც ოჯახის ინტერესებს იცავს. მათ დღეს გამოძიების დაწყება მოითხოვეს.
12 წლის ანი იანუშაიტიტე 17 მარტს დიდ დიღომში, სახლთან ახლოს გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვლილი გოგოს დედა ამბობს, რომ მისი შვილი მოკლულია და ეფექტიან გამოძიებას მოითხოვს.