28 წლის მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდებულებს – ალექსანდრე გაბაშვილს, გიორგი რიკაძესა და დემეტრე ჩიქოვანს ბრალი დაუმძიმდათ.
პროკურატურის განცხადებით, სამივე მათგანმა „ერთად გადაწყვიტა გიგა ავალიანზე ჯგუფურად თავდასხმა და მისი ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება“.
„2025 წლის სექტემბერში, ალექსანდრე გაბაშვილმა ნ.ი.-სგან შეიტყო, რომ მან მათემატიკაში მომზადება დაიწყო გიგა ავალიანთან, რომელიც მისივე გადმოცემით ზედმეტ ყურადღებას იჩენდა.
ალექსანდრე გაბაშვილი დაუკავშირდა მეგობრებს – გიორგი რიკაძეს და დემეტრე ჩიქოვანს, რომელთაც მოუყვა მომხდარის შესახებ, რის შემდგომაც მათ ერთად გადაწყვიტეს გიგა ავალიანზე ჯგუფურად თავდასხმა და მისი ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება.
ამ მიზნით დაადგინეს გიგა ავალიანის პიროვნება, შეამოწმეს მისი სოციალური ქსელი, საიდანაც გადმოტვირთეს ფოტო იმისათვის, რომ აღექვათ და დაემახსოვრებინათ ვიზუალურად. გაარკვიეს მისი სამუშაო და საცხოვრებელი ადგილის მისამართები, შეისწავლეს მისი სამუშაო გრაფიკი, რა გზით გადაადგილდებოდა სამსახურიდან სახლში. შეარჩიეს განზრახვის შესრულების ადგილი და დაიწყეს თვალთვალი.
2025 წლის 29 სექტემბერს, საღამოს საათებში ალექსანდრე გაბაშვილი, გიორგი რიკაძე და დემეტრე ჩიქოვანი ანგარიშსწორების მიზნით მივიდნენ ქ. თბილისში, ზღვის უბნის დასახლებაში მდებარე სასწავლო ცენტრთან, სადაც მოაწყვეს ჩასაფრება და შექმნილი ჰქონდათ ყველა პირობა იმისთვის, რომ გიგა ავალიანს თავს დასხმოდნენ და მიეყენებინათ ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება.
დაახლოებით 20:00 საათიდან 22:00 საათამდე პერიოდში ელოდებოდნენ ცენტრიდან გიგა ავალიანის გამოსვლას, თუმცა იმ დღეს მათგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო განზრახვის სისრულეში მოყვანა ვერ შეძლეს.
2025 წლის 1-ელ ოქტომბერს ალექსანდრე გაბაშვილის, გიორგი რიკაძისა და დემეტრე ჩიქოვანის მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით, ალექსანდრე გაბაშვილმა და გიორგი რიკაძემ სისრულეში მოიყვანეს განზრახვა. კერძოდ, დაახლოებით 22 საათსა და 20 წუთზე, ქ. თბილისი, ზღვის უბნის დასახლება, მე-11 მიკრო რაიონი, მე-3 კვარტალი, №56 ა კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე ალექსანდრე გაბაშვილი და გიორგი რიკაძე ჯგუფურად თავს დაესხნენ გიგა ავალიანს, რომელმაც თავდასხმის შედეგად ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო.
აღნიშნულის შედეგად გიგა ავალიანი 2025 წლის 24 ოქტომბერს სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა“, – აცხადებს პროკურატურა.
პროკურატურის ცნობით, ალექსანდრე გაბაშვილს ბრალდება წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ჩადენილი ჯგუფურად რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა), რაც სასჯელის სახედ და ზომად 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გიორგი რიკაძეს ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ჩადენილი ჯგუფურად რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა), რაც სასჯელის სახედ და ზომად 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ხოლო დემეტრე ჩიქოვანს ბრალი წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტით (ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მომზადება) და საქმე არსებითად განიხილება სასამართლოში.