პროკურატურის ცნობით, სენაკში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებულს 19 წლით პატიმრობა მიესაჯა

პუბლიკა

პროკურატურის ინფორმაციით, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახედ და ზომად 19 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

საუბარია 2024 წლის 19 მაისს სენაკში მომხდარ მკვლელობის საქმეზე.

„სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2024 წლის 19 მაისს, სენაკში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში, წარსულში არსებული დაპირისპირების გამო, დანით შეიარაღებულმა ბრალდებულმა დაზარალებულს ჭრილობები მიაყენა, რომელიც მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა.

სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულმა შემთხვევის ადგილზე მყოფ სხვა პირებზე იძალადა და მათ მოკვლას ცდილობდა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

პროკურატურის ცნობით, მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 109-ე მუხლის „ლ“ (ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა) 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) და 238 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.