პროკურატურის განცხადებით, ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე კიდევ 4 ადამიანი დააკავეს

პუბლიკა

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამის უწყებებთან საერთაშორისო თანამშრომლობის შედეგად, საგამოძიებო ჯგუფის ფარგლებში, რომელშიც ასევე ჩართულია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ე.წ. თაღლითური ქოლცენტრების საქმეზე მორიგი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა.

უწყების განცხადებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ თაღლითობის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე დაკავებულია 4 პირი.

პროკურატურის ცნობით, ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა თბილისის ერთ-ერთ უბანში მოაწყვეს ე.წ. ქოლცენტრი, სადაც დაასაქმეს უცხო ენების მცოდნე ოპერატორები და შესაბამისი მიმართულებების კურატორი მენეჯერები.

ოპერატორები, სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებებით უკავშირდებოდნენ ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეებს და სთავაზობდნენ ფასიანი ქაღალდების, აქციების, სასაქონლო აქტივების, ვალუტების და კრიპტოვალუტების ელექტრონულ ვაჭრობაში მონაწილეობის მიღებას დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ შექმნილი ელექტრონული პლატფორმების გამოყენებით.

ქოლცენტრის თანამშრომლები მომხმარებლებს არწმუნებდნენ, რომ მათი დახმარებით შეძლებდნენ სოლიდური მოგების მიღებას, რეალურად კი, დაზარალებულთა მიერ ინვესტიციისათვის გამოყოფილ ფულად თანხებს თაღლითურად ეუფლებოდნენ. დაზარალებულთა მხრიდან დაბანდებული თანხისა და მოგების დაბრუნების მოთხოვნის შემთხვევაში, წყვეტდნენ მათთან ყოველგვარ კომუნიკაციას.

ამ ფორმით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები მოტყუებით დაეუფლნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები პირების კუთვნილ 1 634 000 აშშ დოლარს და 1 მილიონ ევროს.

საზღვარგარეთ ფიქციური საწარმოების საბანკო ანგარიშებზე და კრიპტოსაფულეებზე აკუმულირებული, უკანონოდ მოპოვებული ზემოაღნიშნული აქტივებისათვის კანონიერი სახის მისაცემად, ორგანიზებული ჯგუფის წევრები, მრავალჯერადი ტრანზაქციებით და ფიქციური დანიშნულებებით რიცხავდნენ დანაშაულებრივი ორგანიზაციის კონტროლირებად სხვადასხვა საბანკო და კრიპტო ანგარიშებზე, მათ შორის საქართველოში.

დანაშაულებრივი წარმომავლობის შენიღბვის შემდგომ კი ახდენდნენ მათ ინვესტირებას უძრავ-მოძრავ ქონებაში.

გამოძიების მიერ, მოსამართლის შესაბამისი განჩინების საფუძველზე, დაყადაღებულია ბრალდებულების და მათთან დაკავშირებული პირების საკუთრებაში არსებული დანაშაულებრივი გზით მოპოვებული რამდენიმე მილიონი ლარის ღირებულების უძრავ-მოძრავი ქონება, საბანკო ანგარიშებზე არსებული თანხა დაახლოებით მილიონ-ნახევარი ამერიკული დოლარისა და ნახევარი მილიონი ევროს ოდენობით.

ბრალდებულთა კუთვნილი საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის შედეგად ამოღებულია ჯამში 240 000 ამერიკული დოლარის ღირებულების სხვადასხვა კრიპტოვალუტა, 400 000 დოლარამდე ფულადი თანხა და ძვირადღირებული ნივთები. ასევე ერთ-ერთი ორგანიზატორის საბანკო სეიფის ჩხრეკისას ამოღებულია 1 000 000 ამერიკული დოლარი.

ზემოაღნიშნული სავარაუდო დანაშაულებრივი წარმომავლობის მქონე ქონების ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად, პროკურატურა შესაბამის სამართლებრივ პროცედურებს გაატარებს.

პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უწყების განცხადებით, ბოლო წლებში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის და ფულის გათეთრების ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნა ე.წ. თაღლითური ქოლცენტრების საქმიანობაში ჩართული ჯამში 100 ფიზიკური და 7 იურიდიული პირის მიმართ დაიწყო.

უწყების ცნობით, დაზარალებულად ცნობილია ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ასეულობით მოქალაქე, რომელთა ზიანის საერთო ოდენობა 40 მილიონამდე ლარს შეადგენს. ასევე, ყადაღადადებულია, სავარაუდოდ, დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ აქტივებზე, რომელთა ღირებულება 100 მილიონ ლარს აღემატება.

საქართველოს პროკურატურა აცხადებს, რომ საზოგადოებას მოუწოდებს, არსებობის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მოგვაწოდონ ნებისმიერი სახის ინფორმაცია თაღლითური ქოლცენტრების შესაძლო ფუნქციონირების შესახებ, როგორც ცხელი ხაზის – 2 405 222, ასევე საქართველოს პროკურატურის Facebook-ის, ვებგვერდის ან მათთვის ხელსაყრელი ნებისმიერი საკომუნიკაციო საშუალებით, რათა საზოგადოების ჩართულობით უფრო მეტად ეფექტიანი გახდეს დანაშაულებრივ საქმიანობაში ჩართული პირების გამოვლენა და მათ მიმართ სათანადო სამართლებრივი ზომების გატარება.