საქართველოდან აშშ-ში წითელი ცირკულარით ძებნილი პირის ექსტრადაცია განხორციელდა - პროკურატურა

პუბლიკა

პროკურატურის ინფორმაციით, შსს-ს თანამშრომლებმა ბათუმში დააკავეს ამერიკის მოქალაქე, რომელიც წითელი ციკრულარით იძებნებოდა. უწყების ცნობით, პირის ექსტრადაცია აშშ-ში უკვე განხორციელდა.

პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე ითქვა, რომ აღნიშნული პირი ბრალდებული იყო 70 მილიონი დოლარის ოდენობის კრიპტოვალუტის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე და იყო ციფრულ აქტივებთან დაკავშირებული თაღლითური სქემების ლიდერი.

„ბრალდებული აშშ-ის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ტრანსნაციონალური ხასიათის, განსაკუთრებით დიდი ოდენობით თაღლითობისა და ფულის გათეთრების განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულებისთვის იძებნებოდა. აღსანიშნავია, რომ იგი წარმოადგენდა მის მიერ შექმნილი მასშტაბური დანაშაულებრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელს და ორგანიზებული ჯგუფის ფარგლებში, მან სულ მცირე 20 თაღლითური ონლაინ საინვესტიციო პლატფორმის შექმნა და მათი ფუნქციონირება უზრუნველყო. თაღლითური ონლაინ საინვესტიციო პლატფორმების გამოყენებით, 6 წლის განმავლობაში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ასეულობით დაზარალებულისგან მოტყუებით მიღებულმა თანხამ 70 მილიონ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა.

ძებნილი პირი აშშ-ში ექსტრადიციის მიზნით, ინტერპოლის არხებით მის მიმართ გამოცხადებული საერთაშორისო ძებნის და მითითებული პირის ექსტრადიციის თაობაზე საქართველოსა და აშშ-ს შორის გაფორმებული ერთობლივი დეკლარაციის საფუძველზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ბათუმში დააკავეს“, – განაცხადეს გენერალურ პროკურატურაში.