„ქართული ოცნების” პროკურატურა აცხადებს, რომ მათი მოთხოვნის საფუძველზე დააყადაღეს 7 არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშები.
დაყადაღებულია „სამოქალაქო საზოგადოების ფონდის”, ISFED-ის, IDFI-ის, GDI-ის, „დემოკრატიის მცველების”, „საფარის” და „სოციალური სამართლიანობის ცენტრის” ანგარიშები.
პროკურატურა აცხადებს, რომ დაყადაღება მოხდა იმ სისხლის სამართლის გამოძების ფარგლებში, რომლებიც მათ ვატო შაქარიშვილის ორგანიზაციის მიმართვის საფუძველზე დაიწყეს და რომელიც „საბოტაჟს ეხება”.
უწყების თანახმად, ამ ორგანიზაციების დანაშაული იმაში მდგომარეობს, რომ მათი „მიზნობრივი ფინანსები გამოყენებული იქნა ისეთი აღჭურვილობის შესაძენად, როგორიც არის – სპეციალური აირწინაღები, დამცავი სათვალეები, პირბადეები, სახის დასაფარი ნიღბები, წიწაკის სპრეი და სხვა საშუალებები, რასაც აქციის მონაწილეები აქტიურად იყენებდნენ პოლიციასთან ძალადობრივი დაპირისპირების დროს”.
კერძოდ, „ქართული ოცნების” პროკურატურა წერს:
„თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე საქართველოს პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციების საბანკო ანგარიშებზე ყადაღების დადების თაობაზე”.
საგამოძიებო უწყება წერს, რომ 2024 წელს პარლამენტის წინ და საქართველოს სხვადასხვა ქალაქში მიმდინარე საპროტესტო აქციები ძალადობრივი იყო.
„ხოლო აქციის მონაწილეები აღჭურვილნი იყვნენ სპეციალური აირწინაღებით, ჩაფხუტებით, სახის დასაფარი ნიღბებით, პირბადეებით, დამცავი სათვალეებით, ხელკეტებით და სხვა საშუალებებით. ასევე, აქციის მონაწილეთა მხრიდან არაერთგზის დაფიქსირდა პოლიციელების წინააღმდეგ წიწაკის სპრეის და სხვა მსგავსი საშუალებების გამოყენება”.
2024 წლის 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება” აჩერებს მოლაპარაკებებს ევროკავშირში გაწევრების შესახებ. ამ განცხადებას მასშტაბური საპროტესტო აქციები მოჰყვა, რომელიც „ოცნებამ” ძალადობრივად, ცრემლსადენი გაზის და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა. დააპატიმრეს ასობით ადამიანი, რომლებიც პოლიციელთა მხრიდან ცემასა და წამებაზე ლაპარაკობდნენ.
„ქართული ოცნების” პროკურატურის მტკიცებით, „ა(ა)იპ „სამოქალაქო საზოგადოების ფონდი“-ს , ა(ა)იპ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებ“-ის, ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“-ს, ა(ა)იპ „დემოკრატიის მცველები“-ს, ა(ა)იპ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“-ს, ა(ა)იპ „საფარი“-ს, ა(ა)იპ „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“-ს მიზნობრივი ფინანსები გამოყენებული იქნა ისეთი აღჭურვილობის შესაძენად, როგორიც არის – სპეციალური აირწინაღები, დამცავი სათვალეები, პირბადეები, სახის დასაფარი ნიღბები, წიწაკის სპრეი და სხვა საშუალებები, რასაც აქციის მონაწილეები აქტიურად იყენებდნენ პოლიციასთან ძალადობრივი დაპირისპირების დროს”.
„ოცნების” საგამოძიებო უწყება წერს, რომ „არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები საზოგადოებას დაუმორჩილებლობისკენ და წინააღმდეგობისკენ მოუწოდებდნენ, ამავე დროს, მათი ორგანიზაციული და ფინანსური საქმიანობა სრულად იყო მიმართული ძალადობრივ ქმედებებში ჩართული პირების და მათი ოჯახის წევრებისთვის ფინანსური მფარველობის უზრუნველსაყოფად. ხდებოდა სამართალდამრღვევი პირების სასარგებლოდ ჯარიმების გადახდა, დაცვის ხარჯების უზრუნველყოფა და სხვა სახის პირადი, თუ ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტა”.
„ოცნების” პროკურატურის თანახმად, მითითებული არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა გასცდა მათივე წესდებით განსაზღვრულ მიზნებს და მიღებული ფინანსების მნიშვნელოვანი ნაწილი მოახმარეს კანონსაწინააღმდეგო ქმედებების დაფინანსებას, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 27 აგვისტოს ყადაღა დაედო აღნიშნული ორგანიზაციების საბანკო ანგარიშებს, რითაც შეიზღუდა ფულადი სახსრების შემდგომი არამიზნობრივი განკარგვა”.
გამოძიება, რომელზეც პროკურატურა მიუთითებს, 2025 წლის 8 თებერვალს დაიწყო და ახლა მიმდინარეობს „საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 19, 318-ე მუხლის მეორე ნაწილით, 319-ე და 321/1 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით“.
ამ გამოძიების ფარგლებში 2025 წლის მარტში დააყადაღეს საქველმოქმედო ფონდების ანგარიშები.
არასამთავრობო ორგანიზაციებს ანგარიშების დაყადაღადების და სისხლის სამართლის წესით დევნის საფრთხე FARA-ს ფარგლებშიც ემუქრებათ.