პროკურატურის თანამშრომლების შეურაცხყოფის საქმეზე ბაია მარგიშვილი 3500 ლარით დააჯარიმეს

პუბლიკა

პროკურატურის თანამშრომლების შეურაცხყოფის საქმეზე ბაია მარგიშვილი 3500 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება თორნიკე კაპანაძემ მიიღო.

შსს ბაია მარგიშვილს პროკურატურის სამი თანამშრომლის შეურაცხყოფას ედავებოდა. პროკურატურის ეს თანამშრომლები ბაია მარგიშვილის წინააღმდეგ ჩადენილ სავარაუდო ძალადობის საქმეზე გამოძიება/ზედამხედველობაში ჩართული პირები არიან:

  • გენერალური პროკურატურის გენინსპექციის პროკურორი- ირაკლი ცირეკიძე;
  • ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორი – გიორგი დოლაკიძე;
  • ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის მოწმის და დაზარალებულის კოორდინატორი ანა გამეზარდაშვილი.

ამ სისხლის სამართლის საქმეზე ის არაერთი თვის განმავლობაში დაზარალებულად ცნობას მოითხოვდა, თუმცა თებერვალში გაიგო, რომ დაზარალებულად ცნობაზე უარი მიიღო.

ბაია მარგიშვილმა „პუბლიკას“ უთხრა, რომ ის პროცესებს არ დასწრებია და არც ჯარიმის გადახდას აპირებს.

ასევე არ იხდის გირაოს, რომელიც ბაია მარგიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლოს უპატივცემულობის საბაბით დაწყებულ სისხლის სამართლის საქმეზე შეეფარდა.

მარგიშვილის თქმით, გირაოს გადახდის ვადა 11 მარტს იწურება. ამის შემდეგ ის აღკვეთის ღონისძიების პატიმრობით შეცვლასაც ელოდება. მარგიშვილს არ ჰყავს კერძო ადვოკატი, არ თანამშრომლობს საგამოძიებო უწყებებთან და არც სისხლის სამართლის პროცესებში აპირებს მონაწილეობის მიღებას.

ბაია მარგიშვილი აქციებში მონაწილეობის გამო ადმინისტრაციული წესით ორჯერ იყო პატიმრობაში. მას 14-დღიანი პატიმრობა 7 ნოემბერს ზვიად ცეკვავამ შეუფარდა. მეორედ კი – 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს. გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა მიიღო.