პროკურატურის თანამშრომლის სახელით ადამიანებს დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს - POG

პუბლიკა

საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალურმა ინსპექციამ, პროკურატურის თანამშრომლის სახელით ჩადენილი დანაშაული გამოავლინა და დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ორი პირი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

მათი ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა დანაშაულებრივი ქმედების გაადვილების მიზნით, მეტი დამაჯერებლობისთვის, საქართველოს პროკურატურის თანამშრომლის სახელით ისარგებლეს და დაზარალებულებს დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს.

„კერძოდ, ბრალდებულებმა დაზარალებულებს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეს, ნდობის მოპოვების მიზნით მიაწოდეს ყალბი ინფორმაცია, თითქოსდა სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთის საინვესტიციო პირობებით საკუთრებაში გადაცემა შეეძლოთ და ამასთან, საქართველოს მოქალაქეობის საკითხის მოგვარებას უზრუნველყოფდნენ, რის სანაცვლოდაც, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დაზარალებულთა კუთვნილ, დიდი ოდენობით თანხას – 50 000 ლარს და 30 000 აშშ დოლარს მოტყუებით დაეუფლნენ.

ბრალდებულები, გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს. მათ ბრალდება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – ნათქვამია მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პროკურატურაში ამბობენ, რომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება კი გრძელდება.