პროკურატურის თქმით, გახსნეს ტრანსნაციონალური დანაშაულები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ბრალდებით, უცხო ქვეყნის ოთხი მოქალაქის და ხუთი იურიდიული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.
უწყების თქმით, ბრალდებულებმა მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით დანაშაულები სხვადასხვა ქვეყანაში ჩაიდინეს და უკანონო შემოსავლის გასათეთრებლად, აქტივები საქართველოში გადმოიტანეს.
„ფულის გათეთრების მიზნით, რეალური სამეწარმეო საქმიანობის განზრახვის გარეშე, ბრალდებულებმა საქართველოში დააფუძნეს საწარმოები და ყალბი დოკუმენტაციის გამოყენებით და ფიქტიური დანიშნულებების მითითებით, პირადი და იურიდიული პირების საბანკო ანგარიშებზე, უცხოეთიდან დანაწევრებით გადმორიცხეს უკანონო და დაუსაბუთებელი წარმომავლობის 21.5 მილიონი ლარის ეკვივალენტი სხვადასხვა ვალუტა. ასევე, ფულის გათეთრების მიზნით, მათ ქართულ საბანკო ანგარიშებზე აკუმულირებული თანხების მცირე ნაწილი, ფიქტიური დანიშნულებებით და ყალბი დოკუმენტაციის გამოყენებით გადარიცხეს საზღვარგარეთ, სხვადასხვა საბანკო ანგარიშებზე, ხოლო უკანონო აქტივების ძირითადი ნაწილი, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში იქნა დაყადაღებული.
ბრალდებულების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაიწყო, რაც სასჯელის სახედ და ზომად ფიზიკურ პირებთან მიმართებით 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ხოლო იურიდიულ პირებთან მიმართებით – ლიკვიდაციას ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას და ჯარიმას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულებისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს და პატიმრობის გამოყენების შემთხვევაში მათ მიმართ გამოცხადდება ძებნა” – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიების ფარგლებში დაყადაღებულია დაახლოებით 14 მილიონი ლარის ეკვივალენტი უცხოური ვალუტის და 1 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების უძრავი ქონება. მათ სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოსართმევად კი შესაბამის სამართლებრივ პროცედურებს გაატარებენ.