პროკურორი ამბობს, რომ ანდრო ჭიჭინაძე და ონისე ცხადაძე აქციაზე „ჯოხს ისროდნენ"

პუბლიკა

პროკურორი, გიორგი მუკბანიანი ამბობს, რომ სისხლის სამართლის წესით დაკავებული ანდრო ჭიჭინაძე და ონისე ცხადაძე „ჯოხს ისროდნენ” პოლიციელების მიმართულებით. პროკურორი ამტკიცებს, რომ ამით ისინი „საფრთხეს უქმნიდნენ” მათ ჯანმრთელობას. მის კომენტარს „ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

„ანდრო ჭიჭინაძე საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა, ის ჯოხს ისროდა სამართალდამცავების მიმართულებით, რითაც მათ და სხვა პირთა ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნიდა.

ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობდა ონისე ცხადაძეც. ის ჯოხს და სხვა ნივთებს ისროდა სამართალდამცავების მისამართით, რითაც პოლიციელებისა და სხვათა ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნიდა“, – განაცხადა პროკურორმა გიორგი მუკბანიანმა.

ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში ანდრო ჭიჭინაძისა და ონისე ცხადაძის პროცესი მიმდინარეობს.

ანდრო ჭიჭინაძესა და ონისე ცხადაძეს, ასევე, კიდევ 4 პირს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. დამტკიცების შემთხვევეაში, მათ 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.