პროკურორი: გამოძიების მიერ შეფასდება ჯუანშერ ბურჭულაძის ქმედებებიც

პუბლიკა

დღეს მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ, თავდაცვის სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსნებს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. სხდომის დასრულების შემდეგ, საქმის პროკურორმა, ირაკლი მარშანიამ მედიასთან განაცხადა, რომ არსებობდა მტკიცებულებათა განადგურების, ახალი დანაშაულის ჩადენისა და მიმალვის საფრთხეები, ამიტომაც ბრალდების მხარემ წინასწარი პატიმრობის გამოყენებაზე იშუამდგომლობა.

„მოცემულ საქმეზე იყო შესაბამისი ოპერატიული ინფორმაცია, რომლის საფუძველზეც დაიწყო გამოძიება. მოპოვებულ იქნა არაერთი მტკიცებულება, მათ შორის გაყალბებული დოკუმენტები, ექსპერტიზის დასკვნა, რაც ადასტურებს ბრალდებულების მიერ დანაშაულის ჩადენას. იმის თქმა, რომ საქმეში მტკიცებულება არ არის, ნამდვილად დაუსაბუთებელი პოზიციაა.“

ჟურნალისტის შეკითხვაზე, გამოიკითხა თუ არა თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, პროკურორმა განაცხადა, რომ „შემოწმდება ყველა საგამოძიებო ვერსია და მათ შორის, რა თქმა უნდა, მისი ქმედებებიც შეფასდება“.

27 ივლისს თავდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ხაინდრავას, იმავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, ვლადიმერ ღუდუშაურსა და თავდაცვის იმდროინდელი მინისტრის ცოლისძმას სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვასა და გაფლანგვაში დახმარების ფაქტზე ბრალი წარედგინათ.

ღუდუშაურსა და გიორგი ხაინდრავას დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას ედავებიან, ვასილ მხეიძეს კი – გაფლანგვაში დახმარებას.

ვლადიმერ ღუდუშაური დუმილის უფლებით სარგებლობს, ვასილ მხეიძე და გიორგი ხაინდრავა კი ბრალს არ აღიარებენ.

გამოძიების ცნობით, საქმე ეხება წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის 2023 წელს მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის ფაქტს.

„ჩატარებული გამოძიებით ამ ეტაპზე გამოვლენილია, რომ დანაშაულებრივმა ჯგუფმა შეიმუშავა და სისრულეში მოიყვანა გეგმა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 333 728 ლარი გაიფლანგა.

დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა, რომელთა ნაწილიც შესყიდვების კომისიის თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობებსაც იკავებდნენ, სამედიცინო აპარატურის შესყიდვის პროცესი ისე წარმართეს, რომ ბაზრის რეალური კვლევა ფაქტობრივად არ ჩაუტარებიათ. იმავდროულად, მათ უზრუნველყვეს, რომ სამედიცინო აპარატურის შესყიდვისთვის საჭირო პროცედურებში მონაწილეობა მხოლოდ ვ.მ.-სთან ახლო კავშირში მყოფ ურთიერთდაკავშირებულ საწარმოებს მიეღოთ.

ამასთანავე, შესყიდვის პროცესი იმგვარად დაორგანიზდა, რომ შესაბამისი კერძო კომპანიების გამოყენებით განხორციელებული მოჩვენებითი გარიგებებისა და ერთსა და იმავე დღეს გამოწერილი ყალბი საგადასახადო დოკუმენტების მეშვეობით სამედიცინო აპარატურის რამდენჯერმე გადაყიდვის გზით აპარატურის საფასური ხელოვნურად გაიზარდა.

შედეგად, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ აღნიშნული სამედიცინო ინვენტარის შეძენა მის საბაზრო ღირებულებასთან შედარებით გაცილებით მაღალ ფასში განახორციელა.

გამოძიებით აგრეთვე დადგენილია მნიშვნელოვანი გარემოება, რომ საქართველოს თავდაცვის იმდროინდელი მინისტრის ახლო ნათესავი ვ.მ. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესყიდვაში მონაწილე წინასწარ შერჩეულ კომპანიებს გარანტირებულ გამარჯვებას ჰპირდებოდა, ხოლო შესყიდვაში გამარჯვების გარანტიად შესაბამის თანამდებობის პირებთან თავის კავშირებს ასახელებდა.

აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად სახელმწიფოს, სულ მცირე, 1 333 728 ლარის ზიანი მიადგა.

ზემოხსენებულ დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „დ“ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამასთანავე, გამოძიება გრძელდება სხვა პირთა გამოვლენისა და მხილების მიზნით“, – აღნიშნულია სუს-ის განცხადებაში.