პროკურატურა თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის, მისი მოადგილის, გიორგი ხაინდრავასა და ბურჭულაძის ცოლის ძმის, ვასილ მხეიძის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას მოითხოვს. ამის შესახებ ცნობილი დღეს გამართულ სხდომაზე გახდა, სადაც პროკურორმა დასკვნითი სიტყვა თქვა.
მიუხედავად იმისა, რომ ჯუანშერ ბურჭულაძემ პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმებისთვის მიმართა, პროკურორმა ანი ლეკიაშვილმა განაცხადა, რომ „პირველი ინსტანციის სასამართლოში ამ საქმის არსებითი განხილვის დასრულებამდე გადაწყვეტილება არ შეიცვლება“.
რაც შეეხება თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, ვლადიმერ ღუდუშაურს, მას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდება.
„დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ მოითხოვა გამამტყუნებელი განაჩენი, ვლადიმერ ღუდუშაურის გარდა, სხვა ბრალდებულების მიმართ, როგორც ჯუანშერ ბურჭულაძის, ისე ვასილ მხეიძის და გიორგი ხაინდრავას მიმართ. ეს იმას ნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში ამ საქმის არსებითი განხილვის დასრულებამდე ეს გადაწყვეტილება აღარ შეიცვლება.
ბრალდების მხარე ითხოვს მათ მიმართ ბრალად წარდგენილ ქმედებაში გამტყუნებას და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას.
ვლადიმერ ღუდუშაურთან მიმართებით ბრალდების მხარემ საპროცესო შეთანხმება წარადგინა, რომლის შუამდგომლობაც შემდეგ პროცესზე განიხილება“, – თქვა პროკურორმა.
მისივე განცხადებით, ჯუანშერ ბურჭულაძეს 3 მილიონ ლარამდე ღირებულების ქონება ჩამოერთმევა – მათ შორის, ესპანეთში არსებული მიწის ნაკვეთი და სახლი, ასევე დაბა წყნეთში მდებარე სახლი და ფართი.
„რაც შეეხება ჩამორთმეულ ქონებას, საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, განსაზღვრულია, რომ როდესაც უკანონო ან დაუსაბუთებელი ქონება არსებობს საქმეში, რომელიც გამოყენებული იქნა, მათ შორის ფულის გათეთრების და უკანონოდ დაუსაბუთებელი ქონების ლეგალიზების მიზნით, უნდა ჩამოერთვას ეს ქონება ბრალდებულს. შესაბამისად, ბრალდების მხარე მოითხოვს ჯუანშერ ბურჭულაძის მხოლოდ იმ ქონების ჩამორთმევას, რაც ეხება კონკრეტულად ამ გარემოებებს, ეს არის ნუშის ბაღების სახლი და მათ შორის, ესპანეთში შეძენილი ქონება“, – განაცხადა პროკურორმა.
პროკურატურის პოზიციის მიუხედავად, ჯუანშერ ბურჭულაძის ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფთან საპროცესო შეთანხმება უახლოეს პერიოდში გაფორმდეს.
„ახლა გახდა ჩვენთვის ცნობილი, რომ ბრალდების მხარემ სასამართლოს საპროცესო შეთანხმებაზე ვლადიმერ ღუდუშაურთან დაკავშირებით მიმართა. ჩვენს საკითხზე მოლაპარაკება მიმდინარეობს. ვფიქრობთ, 16 აპრილამდე – მომდევნო სხდომაზე ბრალდების მხარისგან პასუხს მივიღებთ. კატეგორიული უარი, რომ საპროცესო შეთანხმება არ ფორმდება, არ ყოფილა. ბრალდების მხარე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას ითხოვს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ 16 აპრილამდე საპროცესო შეთანხმება არ გაფორმდეს“, – განაცხადა ადვოკატმა.
ჯუანშერ ბურჭულაძეს ბრალად სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია ედება.
პროკურატურის მტკიცებით, სუსში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 წელს მან ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება მისთვის და მისი ნათესავისთვის გამორჩენის მისაღებად. ბურჭულაძე წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს.
ამავე საქმეზე ივლისში დააკავეს ბურჭულაძის ყოფილი მოადგილე გიორგი ხაინდრავა, თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვლადიმერ ღუდუშაური და ბურჭულაძის ცოლის ძმა ვასილ მხეიძე. სამივე მათგანს პატიმრობა აქვს შეფარდებული.
პროკურატურის ვერსიით, ჯუანშერ ბურჭულაძის მითითებით, მისმა მოადგილემ, გიორგი ხაინდრავამ და სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ვლადიმერ ღუდუშაურმა ბურჭულაძის ცოლის ძმის, ვასილ მხეიძის დახმარებით, სამხედრო ჰოსპიტლისთვის მრტ-ს აპარატის შეძენის პროცესში შექმნეს არაკონკურენტული გარემო, არალეგალური გარიგებებით გაიზარდა აპარატის ღირებულება და სამინისტრომ 1 333 728 ლარი იზარალა.
„საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო და დაუსაბუთებელი ქონების წარმოშობის დამალვისა და შენიღბვის მიზნით, ამ ქონებისთვის კანონიერი სახის მისაცემად შემდეგი ქმედებები განახორციელა:
2025 წლის იანვარში, მან და მისმა მეუღლემ 544 000 ევროდ შეიძინეს ესპანეთში მდებარე მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული სახლით. ვინაიდან აღნიშნული თანხის კანონიერი გზით წარმომავლობა არ უფიქსირდებოდათ, ამ თანხის წარმოშობის დამალვის მიზნით, 2024 წელს თავდაცვის ყოფილი მინისტრის მეუღლესა და მესამე პირს შორის გაფორმდა დაბა წყნეთში მდებარე უძრავი ქონების ფიქციური ნასყიდობის ხელშეკრულება, რეალურად კი თავდაცვის ყოფილი მინისტრის ოჯახს ეს ქონება არ გაუსხვისებია და ხელშეკრულების მიზანი იყო მხოლოდ ესპანეთში გადასარიცხი თანხის წარმომავლობის შენიღბვა.
ამასთან, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ხსენებული 544 000 ევროს უკანონო წარმოშობის შენიღბვის მიზნით, 2025 წლის მარტში, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში საერთოდ არ მიუთითა ესპანეთში შეძენილი უძრავი ქონება, რითაც მან განსაკუთრებით დიდი ოდენობით 1 593 212 ლარის უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაცია განახორციელა“, – აცხადებს პროკურატურა.
ჯუანშერ ბურჭულაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 332-ე მუხლის მეორე ნაწილით (სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.